ანაკლიის პორტი

თურნავა: ანაკლიის პორტის პროექტი სტრატეგიული და კომერციულად მიმზიდველია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, "ანაკლიის პორტის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მისი ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება სოლიდურია."

თურნავა ამბობს, რომ პროექტის მნიშვნელობის დამადასტურებელია იმ ოთხი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ჩართულობა, ვისთანაც მთავრობამ ამ დრომდე ვერ მიაღწია შეთანხმებას, რის გამოც ანაკლიის კონსორციუმს ფინანსური დახურვის ვადა ექვსი თვით გადაუვადეს.

"ეს ორგანიზაციები აწარმოებენ ჩვენთან მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ პროექტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და კომერციულადაც ძალიან მიმზიდველი პროექტი." - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის კონსორციუმს ინვესტიციების ფინანსური დახურვის ვადა ექვსი თვით გადაუვადდება, რაც მთავრობის მომდევნო სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.

მთავრობის რეაგირება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გუშინდელ განცხადებას მოჰყვა:

"მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ." - თქვა პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტისას.

პომპეოს განცხადების შემდეგ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მთავრობა მხარს დაუჭერდა ანაკლიის კონსორციუმის თხოვნას ფინანსური დახურვის თარიღის გადავადებაზე.

კომენტარები