ზურა ხაჩიძე

"არ არის ის სირთულე, რომ ვერ გავუმკლავდე" - ხაჩიძე საგანმანათლებლო-კულტურული კუთხით იმუშავებს

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/zura.khachidze.7

მომღერალი, "ქუჩის ბიჭების" წევრი, ზურაბ ხაჩიძე ტაბულასთან ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტზე ძირითადად ტურისტების მოზიდვის, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით იმუშავებს.

კითხვას, რამდენად შეძლებს გუბერნატორის მოადგილის პოსტზე მუშაობას, მომღერალი პასუხობს, რომ არ არის ის სირთულე, რასაც ვერ გაუმკლავდება.

"პროექტები ითვალისწინებს რეგიონის პოპულარიზაციას და მე უკვე 25 წელია სცენაზე ვარ. უამრავი მომღერალი ყოფილა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის რწმუნებულის. მე მგონი არ არის ის სირთულე, რომ ვერ გავუმკლავდე. პოლიტსაბჭოს წევრიც ვიყავი წლების მანძილზე "მემარჯვენეების", არაერთხელ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა, მენეჯმენტითაც დაკავებული ვიყავი სხვადასხვა კომპანიაში და არ ვთვლი, რომ ან შემთხვევაში რამე არაკომპეტენტური ხდება ჩემ თავს. სამართალმცოდნე ვარ პროფესიით, ამ მიმართულებით არ მიმუშავია, მაგრამ საკმაოდ კარგად ვიცი მენეჯმენტი. ვნახოთ, ჩემი საქმე წარადგენს ჩემს თავს, როგორც გავივლი ამ გზას, დავინახავთ ყველანი", - ამბობს ზურა ხაჩიძე.

მომღერლის აზრით, ამ თანამდებობაზე მისი წარდგენის გადაწყვეტილება მისი განვლილი გზისა და საქმიანობის გამო მიიღეს.

"ჩემი აზრით, გუბერნატორმა გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ჩემი გავლილი გზა (რომელიც ჩემს ფესვებს უკავშირდება, რადგან ბორჯომიდან ვარ) და ის საქმიანობა, რომელსაც მე ვეწეოდი აქამდე (მენეჯმენტი იყო ძირითადად, კულტურული ურთიერთობები და კულტურის სფერო), სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ნამდვილად აკლია. ბატონ ბესოს აქვს თავისი პროექტები და გეგმები, რომლებშიც სავარაუდოდ, ჩავჯექი", - ამბობს ხაჩიძე.

მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო და ჰქონდა გასაუბრება სოზარ სუბართანაც, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონულ მიმართულებას ხელმძღვანელობს.

"სავარაუდოდ, ამ გასაუბრების შემდეგ დაინახა იმის კომპეტენცია, რომ შემიძლია რაღაცა გავაკეთო ჩემი მხარისა და ჩემი რეგიონისთვის. შემდეგ უკვე ბატონმა რწმუნებულმა შემომთავაზა ამ პოზიციაზე მუშაობა", - ამბობს ის.

მომღერალი ასევე აღნიშნავს, რომ მისი წარდგენის მიზეზი შესაძლოა არჩევნებში "ქართული ოცნების" მხარდაჭერაც იყო.

"ჩემს ცოდნას, ძალას და სიყვარულს ამ რეგიონის მიმართ გამოვიყენებ ბოლომდე, რათა მოვემსახურო ჩემს ქვეყანას. ამ შემთხვევაში ჩემი თავი სჭირდება ამ საქმეს და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი", - ამბობს ის.

ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მოადგილის პოსტზე დღეს წარადგინა. ხაძიძე ამირანაშვილის უკვე მესამე მოადგილეა.

ცნობისთვის, მომღერალი ზურაბ ხაჩიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი იყო. შემდეგ არჩევნებში კი ის "ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს და აქტიურად მონაწილეობდა პარტიის საარჩევნო ღონისძიებებში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები