ღამის ეკონომიკა

შესაძლოა, ღამის ეკონომიკის საკვლევად გამოცხადებული 135 000-ლარიანი ტენდერი ისევ ჩაიშალოს

ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის კვლევის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად თბილისის მერიას 135 000 ლარის დახარჯვა სურს.  ხელმეორე ელექტრონული ტენდერი მერიამ მაისში გამოაცხადა - ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთადერთი პრეტენდენტია კომპანია "დელოიტი და ტუში", რომელსაც სატენდერო კომისიამ, შესაძლოა, დისკვალიფიკაცია მისცეს. კერძოდ, სატენდერო კომისიის 7 ივნისის სხდომაზე გაირკვა, რომ კომპანიის ხელშეკრულების პროექტის დანართში მითითებული პირობები არ არის თანხვედრაში სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, სატენდერო კომისიის ცნობით, კომპანიას მოეთხოვება, ღამის ეკონომიკის მიმართულებით ჩატარებული ჰქონდეს არანაკლებ 1 კვლევა - პრეტედენტის წარდგენილი ქალაქ სიდნეის გავითარების შესახებ კვლევა კი, არასრულყოფილია. ასევე, "დელოიტი და ტუში"-ს რეგიონის/ქალაქის/ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით ჩატარებული უნდა ჰქონდეს არრანაკლებ 2 კვლევა, მათგან ერთი მაინც უნდა იყოს სულ მცირე 100 000 ლარის ღირებულების. თუ კომპანია რამდენიმე დღეში არ წარადგენს სრულყოფილ დოკუმენტაციას, სატენდერო კომისია მას დისკვალიფიკაციას მისცემს.

    თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გასული წლის სექტემბერშიც გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაშინ 172 616 ლარი იყო. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა - ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა.

    სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიზანშეწონილია, მოკლე ვადებში განისაზღვროს კვლევებზე დაფუძნებული გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

    "ზემოთხსენებულმა აქტივობებმა ხელი უნდა შეუწყოს, როგორც მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ქალაქის ურბანულ განვითარებას ღამის პერიოდში, ასევე მოსახლეობის ჩართულობისა და აქტიურობის ზრდას. 

    ღამის ეკონომიკა გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და 8:00 საათამდე გრძელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სექტორების როლი, როგორებიცაა გართობა, დასვენება და კულტურული ღონისძიებები. ტრანსპორტი, ხმაურის რეგულირება, უბნების რეგენერაცია და უსაფრთოხება, რომელიც ღამის ეკონომიკის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს. ღამის ეკონომიკას მნიშნველოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმის ზრდაში და დღის მანძილზე მიმდინარე სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობასთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული" - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

    თბილისის მერიის აზრით, ღამის ეკონომიკის პროექტის მოსალოდნელი შედეგებია:

    • გაიზარდოს ღამის ეკონომიკის ჩარჩოებში მოქმედი მიკრო და მცირე, ასევე საშუალო ზომის ბიზნესერთეულების რაოდენობა;
    • გაიზარდოს მოქალაქეების შემოსავლები;
    • განსაკუთრებით გარეუბნებში, განვითარდეს ახალი და უნიკალური სპორტული და კულტურული დანიშნულების ობიექტები და ღონისძიებები;
    • გაიზარდოს ტურისტების ნაკადი დედაქალაქში და მათ მიერ თბილისში გატარებული დღეების რაოდენობა;
    • გაიზარდოს თბილისის როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა.

    დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2018 წელს გადაწყვიტა, რომ თბილისს სჭირდება უწყება, რომელიც იზრუნებს ეკონომიკის განვითარებაზე მაშინ, როდესაც ქალაქის უმეტესობას სძინავს. ღამის ეკონომიკის მდგრადობასა და გონივრულ განვითარებაზე სერგი გვარჯალაძე ზრუნავს.

    კომენტარები