13 ივნისი

მერის მოადგილე: ბეგის ქანდაკება თბილისში 2020 წლის 13 ივნისს განთავსდება

Reuters

თბილისის მერის მოადგილის სოფო ხუნწარიას თქმით, ჰიპოპოტამ ბეგის ქანდაკებას თბილისში 2020 წლის 13 ივნისს დადგამენ. ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა. კონკურსის პირობების თანახმად, პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 90 000 ლარია.

"შემოვიდა 14 პროექტი. ორშაბათამდეა ვადა იმისთვის, რომ ჟიურიმ კონკრეტული შეფასება გააკეთოს და ორშაბათს გამარჯვებული ნამუშევარი გამოვლინდება. კონკურსში გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს თბილისის მერიის მიერ შექმნილი 12-წევრიანი საკონკურსო კომისია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან. სად განთავსდება ნამუშევარი, კონკრეტული ლოკაცია შერჩეული არ არის, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დავდგათ. ბეგის ქანდაკება თბილისში შემდეგ 13 ივნისს განთავსდება",- განაცხადა ხუნწარიამ.

წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება. 

თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი აღბეჭდეს.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

კომენტარები