აშშ-საქართველო

წულუკიანი პომპეოზე: როცა პირი განცხადებას აკეთებს, შეგვიძლია დავინახოთ ის, რაც გვსურს

ტვ. პირველი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ში საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის ვიზიტს დადებითად აფასებს.

მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებები შეხვედრის შემდეგ პოზიტიური იყო და ოპონენტები მას სუბიექტურად აღიქვამენ. 

"როდესაც პირი აკეთებს განცხადებას, ჩვენ ამ განცხადებაში შეგვიძლია დავინახოთ ის რაც გვსურს. ამა ჰქვია სუბიექტურობა. ობიექტურად თუ შევხედავთ ამ ვიზიტს, შეხვედრას და მათ შორის შეხვედრის შემდეგ დეკლარაციებს თუ პოლიტიკურ განცხადებებს, ჩვენ ვნახავთ რომ ეს ვიზიტი და განცხადებებიც იყო მთლიანად პოზიტივზე მორგებული და ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა დღეს არის აყვანილი იმ ხარისხში, როგორი მაღალი ხარისხიც მას აქამდე არ ჰქონია და მე ძალიან მიხარია, როგორც ერთ მინისტრთა კაბინეტის წევრს, რომ ჩვენს პრემიერმინისტრს ასეთი წარმატებული ვიზიტი ჰქონდა",- ამბობს წულუკიანი. 

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის პროცესში. მან ასევე ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რაც აშშ-მა საქართველოს მთავრობას მისცა:

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ქართული დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. პრემიერმინისტრთან ერთად განვიხილეთ საქართველოს პარლამენტის ვალდებულება უზრუნველყოს, რომ სამთავრობო უწყებები ემორჩილებოდნენ კანონს და ასრულებდნენ იმ დაპირებებს, რაც მათ მოქალაქეებს მისცეს.

მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ. ამ მოჩვენებით მეგობრებს საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ ამოძრავებთ.

საქართველოს ზრდა, როგორც თავისუფალი ქვეყნის, თითქმის ერთსაუკუნოვანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ადასტურებს, რომ ის სწორ გზაზეა. ჩვენ ვამაყობთ, რომ მათი კარგი პარტნიორები ვართ. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს მიღწევები არ დაიკარგოს და საქართველო ჰქონდეს მყარი მომავალი დასავლეთში." - თქვა მან

 

კომენტარები