საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდში უარყოფენ, რომ ცვლილებები ივანიშვილის ვიზიტს მოჰყვა

facebook.com/PartnershipFund

6 ივნისის დადგენილებით, საპარტნიორო ფონდის მართვაში ცვლილებები შევიდა. წინა დღეს იქ ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, თუმცა ფონდში უარყოფენ, რომ მის ვიზიტს ამ ცვლილებებთან რამე კავშირი აქვს.

"უბრალო დამთხევაა. ვიზიტს ვერანაირად ვერ დავაკავშირებ ამასთან. ეს არის უბრალო დამთხვევა, იმიტომ, რომ პროცესი ბევრად ადრე დაიწყო და ბოლოსკენ იყო უკვე მისული ბევრად ადრე, ვიზიტამდეც, უბრალოდ [დადგენილების] გამოცემის პროცედურა დასრულდა, დაემთხვა ვიზიტის შემდეგ დღეს." - ფონდის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის, ვახტანგ ჯორბენაძის კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს.

მთავრობის ახალი დადგენილებით, საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში კომერციული ბანკებს ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ. სამეთვალყურეო საბჭოს აგრეთვე უფლებამოსილებები გაეზრდება და გადაწყვეტილების დასამტკიცებლად სხდომაზე წევრების მეოთხედის ნაცვლად საბჭოს შემადგენლობის ნახევრის დასწრება იქნება აუცილებელი.

ამასთან, იუსტიციის მინისტრს სამეთვალყურეო საბჭოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩაანაცვლებს. როგორც ფონდში ამბობენ, ამ ცვლილების მიზანი ისაა, რომ "არის ბევრი პროექტი, რომლებიც რეგიონებსაც უკავშირდება".

"იმისათვის, რომ უკეთესად იყოს კოორდინირებული ფონდის და სახელმწიფოს საქმიანობები ზოგადად, ეკონომიკურ ჭრილში და შორის რეგიონული კუთხითაც, გადაწყდა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ იურიდიული მიმართულება კი არ იქნებოდა წარმოდგენილი, არამედ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი" - ამბობს ფონდის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ტვ პირველთან.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა, მასში უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები - რკინიგზა, გაზის და ნავთობის კორპორაცია და სახელმწიფო ელექტროსისტემაა გაერთიანებული.

2017 წელი საპარტნიორო ფონდმა 481 მილიონ ლარიანი ზარალით დახურა. ფონდის დირექტორი, დავით საგანელიძე ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ზარალი ძირითადად იმ კომპანიებზე მოდის, ვის მართვაშიც ფონდი არ მონაწილეობს, თუმცა დივიდენდებს მაინც იღებს.

ამისდა მიუხედავად, 27 მაისს პარლამენტში გამოსვლისას დავით საგანელიძემ თქვა, რომ ფონდში თავის საქმიანობას ძალიან დადებითად აფასებს.

კომენტარები