კარასინის განცხადება

ბოკერია კარასინზე: რის წინააღმდეგაც არის რუსეთი, ის კარგია საქართველოსთვის

ევროპული საქართველო

"როცა კარასინი ან ვინმე რუსეთის ფედერაციიდან რაღაც წინადადების წინააღმდეგ გამოდის, შეგვიძლია, ძალიან მშვიდად დავასკვნათ, რომ ეს წინადადება არის ძალიან კარგი საქართველოსთვის. ცნობილი ისტორიული გამოთქმა რომ გადავაკეთოთ, რის წინააღმდეგაც არის კარასინი, ის კარგია საქართველოსთვის" - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრეგორი კარასინის, მიერ გაკეთებულ განცხადებებს. 

კარასინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, განცხადებას, რომ საჭიროა ნატოში საქართველოს დაჩქარებული წესით მიღება, შემაშფოთებელი უწოდა. 

გიგა ბოკერიას თქმით, ბუნებრივია, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ნებისმიერ პორგრესს რუსული მხარე ეწინააღმდეგება, რადგან ეს პროგრესი რუსეთს ქართული სახელმწიფოებრიობის დამხობაში ზღუდავს. 

"ესაა მათი ამოცანა. ნატოს წინააღმდეგები არიან არა იმიტომ, რომ საფრთხეს ხედავენ საქართველოს, როგორც ნატოს წევრის მიმართ (ნატოს წევრობა არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული). ნატოში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგები არიან იმიტომ, რომ ეს შეზღუდავს მათთვის იმას, რომ ჩვენს თავისუფლებას დაემუქრონ. ამიტომაა ეს ჩვენთვის კარგი,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

ბოკერიას თქმით, სამწუხაროა ის, რომ ამ პირობებში საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, რომელიც ამ გზაზე თანმიმდევრულად და გააზრებულად იმოქმედებს. ბოკერია თვლის, რომ რუსეთის გათვლა სწორედ იმაზეა, რომ ქართული ოცნება ასეთ საკითხებში ისედაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და მათ იმისკენ მოუწოდებენ, რომ არცკი ეცადონ რეალურ მუშაობას. 

"სამწუხაროდ, ამ მოწოდებისა, თუ სხვა მიზეზების გამო, ჩვენი მთავრობა აგრძელებს არათანმიმდევრულ პოლიტიკას ამ მიმართულებით, დეკლარაციის მიუხედავად,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატი ასევე კარასინის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ანაკლიის პორტზე მაიკ პომპეოს განცხადებას ეხებოდა. კერძოდ, კარასინმა თქვა, რომ პომპეო არ უნდა მოუწოდებდეს ქართველ ხალხს, თუ რას გააკეთებს. 

"ეს არის ის პიარ პროპაგანდული ხაზი, რომელსაც აქაური პროპუტინისტები ატარებენ. აშშ, რუსეთისგან განსხვავებით, კი არ გვეუბნება, რომ აი, ეს მინდა და მუშტებს კი არ აბრახუნებს მაგიდაზე, ის არის საქართველოს ინტერესების დამცველი. თუ ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ უფრო დაცული და ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, მაშინ არ უნდა მივცეთ ტოტალიტარულ და მტრულ სახელმწიფოებს, მითუმეტეს ისეთს, როგორიც რუსეთია, გეოპოლიტიკური ინსტრუმენტები. პირიქით, უნდა შევქმნათ ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც მათი გავლენისგან გვიცავს. ასეთია ანაკლიის პორტი. ამას გვეუბნება აშშ. თორემ, თუ ქართველი ხალხი სხვა გზას აირჩევს, რუსეთისგან განსხვავებით, აშშ არაფერს დაგვაძალებს. მაგრამ ეს ქართველი ხალხის არჩევანია, რომ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, რომლის ლიდერიც არის აშშ,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

გრეგორი კარასინმა ანაკლიის პორტსა და საქართველოს ნატოს წევრობის პერსპექტივაზე რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა. 

კომენტარები