ანრი ოხანაშვილი

ოხანაშვილი პირადი ცხოვრების კადრებზე ბესელიას განცხადებაზე: ჭორაობაში ვერ ავყვები

აიპრესი

საქართველოს პარლამენტი წევრი "ქართული ოცნებიდან", ანრი ოხანაშვილი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ჭორაობაში ვერავის აყვება.

​საუბარია დეპუტატის იმ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ გაეცნო მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის მასალებს და ერთ-ერთი გამავრცელებლის გვარი მოქმედი დეპუტატის გვარს ემთხვევა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, გამოძიებასთან ბესელიამაც უნდა ითანამშრომლოს.

"ამ ადამიანმაც უნდა ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოსთან და თვითონ დაასახელონ. მე ჭორაობაში ვერავის ავყვები, შესაბამისად, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოავლინონ ნებისმიერი პირი და თუკი ვინმეს დანაშული აქვს ჩადენილი, შესაბამისი პასუხისმგებლობით ყველამ უნდა აგოს რა თქმა უნდა პასუხი. გამოძიება რომ ოპერატიულად წარიმართა თავიდანვე და შესაბამისი პირებიც იქნენ პასუხისგებაში მიცემული, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ისიც ვიცით, რომ გამოძიება გრძელდება", - ამბობს ანრი ოხანაშვილი, რომელიც ამავდროულად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა და ეს პოსტი უმრავლესობიდან ეკა ბესელიას წასვლის შემდეგ დაიკავა.

ეკა ბესელიამ, რომელსაც რამდენიმე თვის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, დღეს, 14 ივნისს, თქვა, რომ გაეცნო საქმის მასალებს და მისცა ჩვენებაც, სადაც დაასახელა საეჭვო პირთა წრე. მისი ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე ადამიანია და მათგან ერთ-ერთის გვარი მოქმედი დეპუტატის გვარს ემთხვევა. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ მისი კადრების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა პირველ დაპირისპირებას ქართულ ოცნებასთან და შემთხვევითი დამთხვევები ასეთ საქმეზე არ ხდება. მან ამ თემაზე უფრო ვრცლად საუბარი 30 ივნისის შემდეგ დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

1-ლ თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა. მათი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

2 მაისს, პარლამენტში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უპასუხა და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველწყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო".

კომენტარები