თბილისის პრაიდი

ლომჯარია პრაიდზე: მოვუწოდებ შსს-ს, ქვეყანაში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს შსს-ს, ქვეყანაში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს. ლომჯარია ამბობს, რომ თბილისი პრაიდთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას ვერ შეაფასებს, თუმცა აღნშნავს, რომ რაც უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული აზრი, ძალადობას ადგილი არ უქნა ჰქონდეს. 

„ვერ შევაფასებ საპატრიარქოს პოზიციას, რადგან დამოუკიდებელი ინსტიტუტია და აქვს უფლება, საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება რელიგიური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე დააფიქსიროს. ჩემთვის ამოსავალი წერტილია საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც არის უზენაესი კანონი და უნდა ვიმოქმედოთ კონსტიტუციით. მნიშვნელოვანია, ყველა შევთანხმდეთ, განსხვავებული აზრი რაც უნდა მიუღებელი იყოს, ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პატივი უნდა ვცეთ უპირველესად საქართველოს კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს, განურჩევლად მსოფლმხედველობისა, ღირებულებისა და სხვადასხვა ჯგუფებისადმი კუთვნილებისა, უფლება აქვთ, მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ ღია ცის ქვეშ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია," - ამბობს ლომჯარია. ლომჯარიას ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. 

ომბუდსმენი მოვუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ასევე სამართალდამცველებს, დავიცვან და პატივი სცენ სხვა ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას.

"მოვუწოდებ შსს-ს, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში. შსს ვალდებულია, გააკეთოს ნათელი გზავნილი იმ საპასუხო ზომების შესახებ, თუკი ვინმე შეეცდება ძალადობრივი ფორმით ვინმეს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. ამიტომ, ჩემი მიმართვის მთავარი ადრესატი არის შსს“, – თქვა ლომჯარიამ.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს 18-23 ივნისს დაგეგმილი LGBT პრაიდის კვირეულის შესახებ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვან ღონისძიების ჩატარება.

კომენტარები