თბილისი პრაიდი

ბერძენიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე: ილია II-ის მორიგი მუქარა, "ტაბურეტკის" წახალისება

ტაბულა

რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საპატრიარქოს მიერ დღეს, 14 ივნისს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდს ეხება.

ბერძენიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ "აღმაშფოთებელია საპტრიარქოს მორიგი "ტაბურეტკა" განცხადება". მისი თქმით, ამ განცხადებით საპატრიარქო ყველას ემუქრება, ვინც ადამიანის უფლებებს იცავს.  

"ფაქტობრივად, ეს ანტიდასავლური მორიგი გამოხტომაა, ტესტს გვიტარებენ დემოკრატიულ კუნძულებს ქვეყანაში. გახარიას უწყებაა პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა. ამასთანავე, მთელ ხელისუფლებასაც უტარებს ტესტს ილია მეორე და მისი ანტიდასავლური გარემოცვა - პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელმა ერთმნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ ლგბტქ თემის მიმართ, მოწოდებამ, რომ წინ უნდა აღუდგნენ სხვა ქვეყნებში მათ ჩაგვრას, საპატრიარქო შეაშფოთა და მყისიერად უპასუხა დასავლეთს (საელჩოებს მიმართა), ჩვენთან არ გაგივათო. 

ასეთ დროს არ შეიძლება, რომ ადამიანის უფლებების პრიორიტეტი ვისაც გვაქვს დეკლარირებული ქართულ პოლიტიკაში, ვინც თავს პროდასავლურ ძალად მივიჩნევთ, წავუყრუოთ ილია II-ის მორიგ მუქარას - "ტაბურეტკის" წახალისებას. ეს მისი პოლიტიკაა, ანტიდასავლური პოლიტიკა. ქართველი ერის სახელით მანამ ილაპარაკებს საპატრიარქოს რენეგატი, რეტროგრადი უმრავლესობა, სანამ ქართული პოლიტიკა ამის საშუალებას მისცემს. არასამთავრობო სექტორი, მედია, პროდასავლური პარტიები - ესაა დემოკრატიული ინსტიტუციები და ყველას მოგვეთხოვება, არ ჩავდგეთ სირაქლემას პოზაში. ასე ვფიქრობდი ათეული წლების წინაც და ასე ვფიქრობ ახლაც,"- წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში. 

რესპუბლიკურმა პარტიამ ასევე განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ საპატრიარქოს მიერ გამოყენებულ ულტიმატუმის ენას მკაცრი პასუხი გაეცეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას ითხოვენ. 

14 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვან თბილისი პრაიდის ორგანიზება. ამასთან, მიმართავენ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსაც. 

დღესვე, 19:00 საათზე მთავრობის სახლის წინ თბილისი პრაიდის ორგანიზატორთა აქცია იმართება, სახელწოდებით: "სახელმწიფო, სად ხარ?".

კომენტარები