ლგბტ კვირეული

სესიაშვილი საპატრიარქოს მოწოდებაზე: ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას ყოველთვის იცავს

ტაბულა

"ვფიქრობ, საკამათო არ არის ის თემა, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის დაცულია და მგონი, ამას შევეგუეთ" - ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას "მიუღებლად" მიაჩნია 18-23 ივნისს დაგეგმილი LGBT პრაიდის კვირეული და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვან ღონისძიების ჩატარება.

"საპატრიარქოსა და უწმინდესის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, გულისყურით ვუსმენ. არის საკითხები, სადაც მეტი სიფრთხილე გვმართებს. ვფიქრობ, საკამათო არ არის ის თემა, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის დაცულია და მგონი, ამას შევეგუეთ. სად არის უსაფრთხოების ნორმები დასაცავი და რა როგორ, ამას შესაბამისი სამსახურები შეამოწმებენ“ - თქვა სესიაშვილმა პირველი არხის ცნობით.

18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" გაუწევს. 

31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ლგბტქ აქტივისტებმა თქვეს, რომ 30 მაისს, შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მათ შესთავაზეს ღირსების მარშის დახურულ სივრცეში გადატანა. ორგანიზატორებმა თქვეს, რომ შეხვედრაზე სამუშაო ფორმატისთვის მომზადებულები მივიდნენ, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლები დიალოგში არ შევიდნენ და უთხრეს, რომ მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ.

ამასთან, მათი თქმით, შსს-სთვის წარდგენილ მარშრუტებს შორის არ იყო ისეთი ადგილები, სადაც უმეტესად იმართება აქციები - რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის ტერიტორია და მთავრობის კანცელარია.

მიუხედავად ამისა, ლგბტ პრაიდის ორგანიზატორების თქმით, ისინი მარშის გამართვას მაინც შეეცდებიან.

კომენტარები