მიკრობიოლოგია

ლუი პასტერი: მიკრობიოლოგიის მამა, რომელმაც ასეულობით მილიონი ადამიანი გადაარჩინა

ლუი პასტერი მეცხრამეტე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგი მეცნიერია. პასტერის წვლილი მედიცინის განვითარებაში უპრეცენდენტოდ დიდია. მან განავითარა დაავადების მიკრობული თეორია, შეიმუშავა პასტერიზაციის პროცესი (რომელიც ხელს უშლის ბევრი საკვები პროდუქტის გაფუჭებას) და შექმნა ციმბირული წყლულის და ცოფის აცრები.

ლუი პასტერი 1827 წლის 27 დეკემბერს საფრანგეთში, იურაში, ღარიბ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. 1839 წელს მან ბესანზონის სამეფო კოლეჯში ჩააბარა, რომელიც 1842 წელს დაამთავრა. ერთი წლის შემდეგ მან სწავლა პარიზის უმაღლეს ნორმალურ სკოლაში გააგრძელა, 1848 წელს კი პასტერი სტრასბურგის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორად დაინიშნა.

სტრასბურგში პასტერი შეხვდა თავის ცოლს, მერის. წყვილი 1849 წელს დაქორწინდა და ხუთი შვილი ეყოლათ. თუმცა, ამ ბავშვებიდან მხოლოდ ორმა მიაღწია ზრდასრულობას, მაშინ როცა სხვები მუცლის ტიფისგან გარდაიცვალა. ამბობენ, რომ სამი შვილის სიკვდილი გახდა მოტივაცია პასტერისთვის, რომ ინფექციები და ვაქციები შეესწავლა.

1850-იან წლებში პასტერმა ჩაატარა კვლევები ალკოჰოლის ფერმენტაციაზე, რათა დახმარებოდა ღვინის ადგილობრივ მწარმოებლებს ალკოჰოლის დაძმარების პრობლემის გადაჭრაში. მან ფერმენტაციის ბევრი ასპექტი გამოიკვლია და 1857 წელს წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ ფერმენტაციის მიზეზი სპეციფიკური მიკროორგანიზმებია. ამ შრომის გამოყენებით, პასტერმა შეიმუშავა პასტერიზაციის პროცესი, რათა მოეკლა მიკრობები და დაეყოვნებინა პროდუქტების გაფუჭება. მისი პირველი წარმატებული ტესტი 1862 წლის 20 აპრილს დასრულდა და გამოიყენება რძის, ლუდის და სხვა პროდუქტების გაფუჭების პრევენციისთვის. 

პასტერამდე ადამიანებს სჯეროდათ “სპონტანური წარმოშობის” დოქტრინის, რომელიც ამბობდა, რომ ცოცხალი ორგანიზმები სპონტანურად წარმოიქმნებოდა არაცოცხალი მატერიისგან. ეს მცდარი შეხედულება გამოიყენებოდა, რათა აეხსნათ თუ რატომ ფუჭდებოდა საკვები და რატომ ვითარდებოდა ინფექციები.

სპონტანური წარმოშობის თეორიის უარსაყოფად, პასტერმა ახალმოხარშული ბულუონი მოათავსა კოლბებში, რომელსაც მიეწოდებოდა ჰაერი. ერთ კოლბას ჰქონდა ფილტრი - გრძელი კლაკნილი მილი, რომელიც არ ატარებდა მტვრის ნაწილაკებს ბულიონამდე, მეორე კოლბა კი მილის გარეშე იყო. შემდეგ პასტერმა გააცხელა კოლბები, რათა ბულიონში ყველა ცოცხალი ორგანიზმი მომკვდარიყო და დატოვა ისინი ოთახის ტემპერატურაზე. ბულიონებში, რომელსაც ფილტრი ჰქონდა ბაქტერიები არ გავრცელდა, მაშინ როცა კოლბაში, რომელიც ღია იყო და ჰაერს პირდაპირ ეხებოდა, ბულიონი დაბინძურდა მიკრობებით. თუ სპონტანური წარმოშობა რეალური ფენომენია, ამტკიცებდა პასტერი, ბაქტერიები სპონტანურად უნდა წარმოქმნილიყო ორივე კოლბაში. ამგვარად, პასტერმა აღმოაჩინა, რომ მიკრობები მხოლოდ სხვა მიკრობებისგან შეიძლება გაჩნდეს. 

შემდეგ, პასტერის ყურადღება ვაქცინების განვითარებამ მიიპყრო.  თავისმა კოლეგებთან ერთად მას ქათმებში ქოლერის მიკრობები შეჰყავდა. მათ აღმოაჩინეს, რომ თუ ფრინველებში შეიყვანდი ქოლერის ცოცხალ ბაქტერიას, რომელსაც უკვე ჰყავდა შეყვანილი დაავადების უფრო სუსტი შტამი, ქათამს ინფექცია არ განუვითარდებოდა. პასტერი გახდა პირველი მეცნიერი, რომელმაც ხელოვნურად დასუსტებული ვირუსები აცრებად გამოიყენა. შემდეგ პასტერმა განავითარა ციმბირული წყლულის საწინააღმდეგო ვაქცინა, 1885 წელს კი ცოფის ვაქცინა.

მიკრობულ თეორიამდე ექიმები და მეცნიერები არ ფიქრობდნენ, დაავადებება შეიძლება გამოიწვიოს გარედან შეჭრილმა მიკროორგანიზმებმა. მიკრობულმა თეორიამ მოიტანა ქირურგიაში ანტისეპტიკური მეთოდის დანერგვა.  

1878 წელს პასტერი გახდა ღირსების ლეგიონის დამსახურებული ოფიცერი. მან მიიღო ათეულობით საპატიო ჯილდო. 1888 წელს პასტერმა მიიღო საკმარისი დონაციები, რომ გაეხსნა პასტერის ინსტიტუტი - კერძო ფონდი, რომელიც ბიოლოგიის, მიკროორგანიზმების, დაავადებების და აცრების კვლევას ეძღვნება. ის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა 1895 წლის 28 სექტემბრამდე, ვიდრე გარდაიცვლებოდა. დღეს არსებობს 30 ინსტიტუტი, რამდენიმე საავადმყოფო, სკოლა და ქუჩა მის საპატივსაცემოდ. მისი დასაფლავების ცერემონია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაიმართა, მისი სხეული კი დაკრძალეს თავისი ინსტიტუტის ქვეშ, სადაც ის დღემდე განისვენებს.

ლუი პასტერის შრომამ ფუნდამენტურად შეცვალა მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ. მტკიცებულებებმა, რომელიც მან მოიპოვა მიკრობული თეორიის სასარგებლოდ რევოლუციურად გარდაქმნა ადამიანის ჯანმრთელობაზე ფიქრის გზები. პასტერიზაციამ შესაძლებელი გახადა სასმელების და დაკონსერვებული საკვების შენახვა უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე მიიჩნეოდა, რომ შესაძლებელი იყო და საბოლოოდ, პასტერმა რევოლუცია შეიტანა ვაქცინების განვითარებაში. მისი შრომების და ექსპერიმენტების გარეშე, რომლებიც მეცნიერული მეთოდის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს, დღეს ასეულობით მილიონი ადამიანი არ იქნებოდა ცოცხალი. 

 

კომენტარები