თბილისის პრაიდი

"მოკალით, დაამტვრიეთ" - ნატა ფერაძეზე თავდასხმის მცდელობისას ღამით რამდენიმე პირი დააკავეს

გვიან ღამით კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერების დაშლის შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური კონტრაქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს, რომლებიც იქ დარჩენილ პარტიზან მებაღეზე ნატა ფერაძეზე თავდასხმას ცდილობდნენ. „მოკალით, დაამტვრიეთ,"- ყვიროდნენ ძალადობრივი აქციის მონაწილეები და ნატა ფერაძეს მისდევდნენ.

პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული და თბილისი პრაიდის მხარდამჭერები ერთი კონკრეტული გზით გაჰყავდა აქციიდან, ნატა ფერაძე ამბობდა, რომ იმ გზით უნდოდა სახლში წასვლა, რომელ მხარესაც პოლიციას მოძალადეები კორდონით ჰყავდა გამოყოფილი. 

"არანაირი კანონი არ დამირღვევია და ეს ბრბო მიმითითებს რომელი გზით წავიდე," - ამბობდა ფერაძე მოძალადეებზე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან აგრესიული ჰომოფობიური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება. 

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, რა დროსაც, რამდენიმე მათგანი დააკავეს. კონტრაქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლის დარღვევას (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) ედავებიან.

კომენტარები