ჰონგ-კონგი

საპროტესტო აქციების შემდეგ ჰონგ-კონგში ჩინეთში ექსტრადიციის სადავო კანონპროექტი შეაჩერეს

CNN

15 ივნისს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა განაცხადა, რომ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერებდა სადავო კანონპროექტს, რისი მიღების შემთხვევაში ჰონგ-კონგელების კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიცია იქნება შესაძლებელი. ჰონგ-კონგის ლიდერის გადაწყვეტილება ქალაქში მილიონამდე მომიტინგის პროტესტს მოჰყვა.  

"უკანასკნელი ორი დღის მანძილზე განმეორებითი საპროტესტო აქციების შემდეგ, მე ვაცხადებ, რომ მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობა ხელახლა დაიწყებს საზოგადოების ყველა სექტორთან კომუნიკაციას, უკეთ ახსნის და მოისმენს საზოგადოების განსხვავებულ შეხედულებებს,  - პრესკონფერენციაზე განაცხადა ლამმა.

მისივე თქმით, პროცესი განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.

"კანონპროექტს ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერა აქვს, მე ვფიქრობ, რომ უკან დახევა პოლიტიკურ მესიჯს გაუგზავნის მათ, რომ ცენტრალური მთავრობა არ არის სწორი. ეს არ მოხდება 'ერთი ქვეყანა - ორი სისტემის' ფარგლებში," - განაცხადა საკანონმდებლო საბჭოს წევრმა მაიკლ თიენმა. 

14 ივნისს პეკინის პოლიტიკის მომხრე რამდენიმე ჰონგ-კონგელმა პოლიტიკოსმა და ლამის მრჩეველმა თქვა, რომ კანონპროექტის შესახებ დისკუსია უნდა გადადებულიყო. 

კანონპროექტის განხილვის შეჩერების მიუხედავად, აქციის ორგანიზატორები 16 ივნისს კვლავ აპირებენ საპროტესტო აქციის გამართვას, რათა მთავრობამ საბოლოოდ ჩააგდოს კანონპროექტი. აქციებზე ძალის გადამეტების გამო, მომიტინგეები პოლიციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც აპირებენ. 

შეგახსენებთ, რომ საკამათო კანონით ჰონგ-კონგიდან დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

კანონპროექტის შესახებ მთავრობის წინააღმდეგ ჰონგ-კონგში მილიონამდე ადამიანმა საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. 

12 ივნისს ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლითა და ხელკეტებით დარბევა დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე მომიტინგემ მთავრობის შენობაში შეცვლა სცადა და პოლიციას პლასმასის ბოთლები ესროლა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ამ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

აქციები გასულ კვირას დაიწყო და 1997 წლის შემდეგ ეს ყევლაზე დიდი საპროტესტო აქციებია ჰონგ-კონგში.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები