თბილისი პრაიდი

თაბაგარი: ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, ყველა დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდება

ტაბულა

თბილისი პრაიდის ერთერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ისინი ყველა წინააღმდეგობას გადალახავენ და კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება, მათ შორის ღირსების მარში მაინც ჩატარდება.

ამის შესახებ გიორგი თაბაგარი ტვ პირველის ჟურნალისტს ესაუბრა.

"ადამიანები, რომლებიც ამ 6 საათის განმავლობაში არ დაიღალნენ იმ სიძულვილის ფქვევით და აგრესიით, რომელსაც ჩვენი მიმართულებით გამოხატავდნენ. საპატრიარქო რეალურად არ დგას ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე, როგორც უნდა იყოს, ალბათ. ისინი მათ აქეზებენ და ძალადობის წახალისებას ახდენენ. ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ახლა ვართ, სამწუხაროდ, თუმცა ამის მიუხედავად, გადავლახავთ ყველა წინააღმდეგობას და აუცილებლად ჩავატარებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს,"- ამბობს თაბაგარი. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, 14 ივნისს ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე.

კომენტარები