ლგბტ კვირეული

ფალავანდიშვილი: ჩვენ არ ვემორჩილებით კონსტიტუციას, ჩვენ სიბინძურეს არ დავემორჩილებით

GDS

ვერის ბაღში ლევან ვასაძის დაგეგმილი "მხოლოდ ნამდვილი კაცების" შეკრება დაიწყო. სიძულვილის ჯგუფები "საქართველოში წესრიგის დამყარებას" ითხოვენ. ერთერთი ორგანიზატორის გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ხელისუფლება ვერ ახერხებს "უწესობის" აღკვეთას.

"ჩვენ ვაპირებთ ფიზიკურად ხელი შევუშალოთ მათ ნებისმიერ აქციას, რომ ვერც ერთ ტყეში, ვერც კლუბში ვერ გამართონ, არ ვუშვებთ, რომ გამოვიდნენ ქუჩებში და გამართონ სიბილწის პროპაგანდა, მათ ვერ უნდა გაბედონ გამოსვლა" - ამბობს ფალავანდიშვილი და აღნიშნავს, რომ "ჩვენ არ ვემორჩილებით კონსტიტუციას, ჩვენ სიბინძურეს არ დავემორჩილებით".

ლევან ვასაძემ ვერის ბაღში "მხოლოდ და მხოლოდ კაცები" იმისთვის დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებმა ერთად დაგეგმონ, თუ რა ფორმით ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდს.

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

კომენტარები