ლგბტ კვირეული

ვასაძე: ქამარში ჩავიდებთ თითო კომბალს და თუ პოლიცია შეგვდგება, დავუბრუნებთ თითო კომბალს

ტაბულა

ბიზნესმენ ლევან ვასაძის თქმით, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ შექმნილი სახალხო რაზმები პოლიცის კორდონების გარღვევის სტრატეგიაზე მუშაობენ. ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" ვასაძემ თქვა, რომ ისინი კომბლებით იქნებიან შეიარაღებულები.

"ქამარში ჩავიდებთ თითო კომბალს და თუ შეგვდგებიან, დავუბრუნებთ კომბალს" - თქვა ვასაძემ და პოლიციას დაემუქრა. მისი თქმით, სამართალდამცველები ვეღარ შეძლებენ მათი წევრების დაკავებას.

"რაც ქენით კანცელარიასთან, არ გამოგივათ, არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ, დააკავებთ ერთს? ათეული გამოესარჩლება მას, არ ეყოფა ათეული? ასეული გამოესარჩლება, არ ეყოფა ასეული? ათასეული გამოესარჩლება. თუ სასწაული მოხდა და ამ ჩვენს ლომივით მეომრებს, მოჭიდავეებს, მორაგბეებს მაინც გამოსტაცეთ ერთი ჩვენიანი, თქვენს დააბრალეთ, სადაც წაიყვანთ, რომელ პოლიციის განყოფილებაშიც, იქ მოვალთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენს ლომს" - თქვა ვასაძემ.

სიძულვილის ჯგუფების ორგანიზატორის თქმით, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმები იქნება "მარტივი და იერარქიული". 

"გვეყოლება ათეულები ათისთავებით, ათეულები შეიკრიბება ასეულებად ასისთავებით, ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყარი და აუღელვებელი. ყველას ვისაც უნდა, რომ იგინოს, იფურთხოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია, წავიდეს აქედან, იმის ადგილი აქ არ არის" - ამბობს ვასაძე.

ბიზნესმენის თქმით, "სახალხო რაზმები" ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში.

"გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ" - თქვა ვასაძემ.

"სახალხო რაზმებში" ჩაწერა უკვე დაიწყო. ლევან ვასაძის თქმით, თავად რიგითი იქნება. ის გასაწევრიანებლად ეპატიჟება სამხედროებს და სპორტსმენებს.

"ათისთავს ცალ ხელზე ეკეთება თეთრი ხელსახოცი, ასისთავებს ორივე ხელზე, ათასისთავმა თავზე წაიკრას, რიგითებს არაფერი გვეკეთება" - ამბობს ვასაძე.

კომენტარები