ლგბტ კვირეული

ვასაძე პოლიციას: თუ კორდონის გარღვევისას დაგვიწყებთ ცემას, მიიღებთ კომბლების რევოლუციას

ძალადობრივი ჯგუფის ერთერთი ორგანიზატორი ლევან ვასაძე წინააღმდეგობის შემთხვევაში პოლიციას "კომბლების რევოლუციით" ემუქრება. მან ვერის პარკში გამართულ "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" თბილისი პრაიდის წინააღმდეგ "სახალხო რაზმების" შექმნა დააანონსა. ვასაძის თქმით, რაზმები დაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან.

"აქ არის უამრავი სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები, მთელ მსოფლიოში მათ ვერავინ ვერ აჩერებთ, როცა უნდათ რაიმე კორდონის გარღვევა. თუ ეცდებიან რაიმე სახის აქციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, და იმედია ეყოფათ ჭკუა რომ ეს არ გააკეთონ, აუცილებლად გავარღვევთ. ერთადერთი გზა, როგორც შეგეძლებათ გაგვაჩეროთ, არის ტყვია და გთხოვთ მე, მესროლეთ ის პირველი ტყვია.

მინდა გავაფრთხილო პოლიციელები, არაფერი შეგეშალოთ, კორდონების გარღვევუსას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცჩემა ჩვენებს, მაგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პასუხს. არ მოვალთ იქ იარაღით, მოვალთ შიშველი იარაღით, ამ ქამრებით, ამის გარდა ჩვენ გვექნება კომბლები. ბევრს ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც უნდა მქონდეს ამ დროს? კომბლე გამახსენდა, კომბლე ჯიგარია, იმიტომ, რომ არაფერი არ უნდა, არც პოლიტიკაში ჩარევა, არც დიდება, არც ფული, სხვენში უდევს ის კომბალი რა, მაგრამ როცა მგელი უმანკო კრავს დაესხმევა თავს, ის ჩამოიღებს კომბალს, გააფრთხობინებს მგელს სულს და გამოაშვებინებს იმ კრავს, ამიტომ თუ ისინი შეგვდგებიან, ჩვენ თავს არ გაგალახინებინებთ, ეს გამორიცხულია, თქვენ მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. მე ამითაც გძლევთ, ამით მოვალ" - თქვა ვასაძემ და დიდი ხის ჯვარი დაანახა შეკრებილებს.

"ყველა, ვინც გვეტყვის, რომ ჩვენ არ ვემორჩილებით ვინმეს, ცრუობს, იმიტომ, რომ ეს არის ხალხის ნება და ამას უნდა დაემორჩილოს სახელმწიფო, ჩვენ არ გვინდა ძალადობა, ჩვენ არ გვინდა არავითარი ესკალაცია, ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი თავი თუ ჩვენი საქმის შესრულების დროს შეგვდგებიან და დაგვიწყებენ ცემას და ჩაგვრას. თუ კორდონის გარღვევისას დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს წესრიგის დაცვაზე, იმიტომ, რომ წესრიგი არის წესი და რიგი და არა უზნეობის ზეიმი, ეს არის კავკასიური ადათების წესი" - თქვა ვასაძემ და აღნიშნა, რომ "კომბალი არ არის ცივი იარაღი".

კომენტარები