თბილისი პრაიდი

ლევან ვასაძემ "ნამდვილი კაცების შეკრებიდან" აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა

ლევან ვასაძე
ტაბულა

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების შეხვედრაზე" აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინგლისურად მიმართა. 

ვასაძე ტრამპს სთხოვს, რომ ის სიძულვილის ჯგუფებს თბილისში ამერიკის საელჩოდან "ჭაობის ამოშრობაში" დაეხმაროს. ამასთან, ამბობს, რომ არ სჯერა, რომ ტრამპი თავის დაპირებებს უღალატებს და სამყაროს "ფსევდო-ამერიკულ ღირებულებებს თავს მოახვევს". 

"ჩვენ შენ მოგმართავთ საქართველოს გულიდან, მისი დედაქალაქიდან, თბილისიდან, რომელიც მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძველი ქრისტიანული ქვეყანაა. ჩვენ, ეს ერი აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გავაპროტესტოთ და წინ აღვუდგეთ მიუღებელი ფსევდო-მორალური ღირებულებების თავს მოხვევას. საქართველოში სექსუალური "დისორიენტაციის" მქონე ხალხს არავინ ჩაგრავს, არავინ ავიწროვებს და არავინ სცემს. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ცოდვისა და სათნოების აღქმის ძალიან ძლიერი განცდა. ცოდვა ისაა, რისიც ადამიანს უნდა რცხვენოდეს და ჩვენ ვერ დავუშვებთ ცოდვის ნორმალიზებას, განდიდებასა და საზეიმოდ აღნიშვნას. ეს არ არის ჩვენი გზა. როდესაც პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდი, შენი დაპირება ამერიკელი ხალხის მიმართ ის იყო, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო იმით, რომ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ამერიკის ჩარევისგან თავი შეგეკავებინა. შენი პრეზიდენტობის 3 წლის თავზე ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ დაპირებას შეასრულებ. ჩვენ არ გვჯერა, რომ დაპირებებს უღალატებ და რომ გააგრძელებ ფსევდო-მორალური, მე ვიტყოდი ფსევდო-ამერიკული ღირებულებების თავს მოხვევას დანარჩენი მსოფლიოსთვის. დაგვეხმარე თბილისში მდებარე ამერიკის საელჩოში ჭაობის ამოშრობაში,"- ამბობს ვასაძე. 

ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ კაცებს რაზმების შექმნისაკენ მოუწოდა, რომლებიც: 

"გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ". 

ვასაძე ასევე პოლიციაზე ძალადობითაც დაიმუქრა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები მათი წევრების დაკავებას შეეცდებიან. 

კომენტარები