თბილისი პრაიდი

ხიდაშელი: შს მინისტრი რომ ვიყო, ვასაძეს ტრიბუნაზევე დავაკავებდი

ტაბულა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი წერს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, ადგილზე რომ იყოს, პრორუს ბიზნესმენს, ლევან ვასაძეს, მუქარის შემცველი განცხადებების გამო ვერის ბაღში, ტრიბუნაზევე დააკავებდა. 

ამის შესახებ თინა ხიდაშელი Facebook-ზე წერს. 

"მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, დღეს იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს. სადმე თვალი ხომ არ ჩაუკრავს იმას [გიორგი გახარიას]?" - წერს ხიდაშელი. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, 16 ივნისს ვერის ბაღში "მხოლოდ კაცები" დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდის კვირეულს. 

ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ სიძულვილის ჯგუფებს რაზმების შექმნისაკენ მოუწოდა, რომლებიც: 

"გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ". 

ამასთან, პრორუსი ბიზნესმენი პოლიციაზე ძალადობითაც დაიმუქრა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები მათი წევრების დაკავებას შეეცდებიან. 

იურისტები ტაბულასთან საუბრისას ამბობენ, რომ ვასაძის მიმართ გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველი არსებობს. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვით, დაიწყო თუ არა უწყებამ გამოძიება ვასაძის მიმართ, სადაც გვითხრეს, რომ პასუხს მოგვიანებით შეგვატყობინებენ. 

კომენტარები