სიძულვილის ჯგუფები

კარპენტერი: სიძულვილის ჯგუფების გააქტიურებით რუსეთი ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს

Commersant.ge

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველი საგარეო საკითხებში მაიკლ კარპენტერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

კარპენტერი თვლის, რომ ის რაც დღეს ლგბტ ადამიანთა უფლებების ირგვლივ ხდება, მათ შორის სიძულვილის ჯგუფების გააქტიურება, რუსეთის თამაშია, რათა გახლიჩოს ქართული საზოგადოება. კარპენტერის თქმით, რუსეთი ამ ხერხებს მიმართავს, რადგან ქართველების უმრავლესობას რუსეთთან ინტეგრაცია არ სურს.

"რეალობა ისაა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას რუსეთთან ინტეგრაცია არ უნდა. რასაც რუსეთი აკეთებს, ამის შედეგია. ისინი ცდილობენ ისეთი საკითხების მოძებნას, რაც პოლიტიკური დებატების საწყისია და მერე ამ საკითხებს ქართული საზოგადოების გასაყოფად იყენებენ. ლგბტ უფლებები ერთერთი ასეთი საკითხია, სადაც რუსებს უყვართ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს შორის შუღლის ჩამოგდება. ვფიქრობ, ხელისუფლება სწორად იქცევა, მაგრამ ეს თემა თავიდან ბოლომდე იმიტომ შეიქმნა, რომ სხვა საკითხებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს," - თქვა კარპენტერმა.

კარპენტერი ასევე მიიჩნევს, რომ რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაციის რესურსი აქვთ და ეს ძალიან სახიფათოა.

"რუსეთი თანამშრომლობს ულტრადაჯგუფებებთან, ნეონაცისტებთანაც კი მთელი ევროპის მასშტაბით. სლოვაკეთიდან ნორვეგიამდე და შვედეთამდე. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მთელი ევროპის მასშტაბით ულტრა მემარჯვენე ძალებს სამხედრო წვრთნებს უტარებს და, რა თქმა უნდა, ისინი საქართველოში არსებულ მსგავს ჯგუფებთანაც ასევე თამაშობენ. ეს ძალიან სახიფათოა და ამ ჯგუფებს პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაციის პოტენციალი აქვთ. ეს უნდა იყოს პოლიტიკურ დებატების საგანი," - ამბობს კარპენტერი.

ცნობისთვის, მაიკლ კარპენტერი საქართველოში საქართველოს უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ კონფერენციას "რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში" ესწრება.

შეგახსენებთ, 16 ივნისს ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით "ნამდვილი კაცები" იმისთვის შეიკრიბნენ, რომ სიძულვილის ჯგუფებს ერთად დაეგეგმათ, თუ რა ფორმით ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდს. ვასაძემ თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. სიძულვილის ჯგუფის ორგანიზატორი პოლიციასაც დაემუქრა. მისი თქმით, სამართალდამცველები ვეღარ შეძლებენ მათი წევრების დაკავებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები