ლგბტ კვირეული

მეუფე პეტრე ვასაძის რაზმებზე: ადამიანი კარგავს სულიერ ძალას, მაშინ გადადის ფიზიკურზე

exclusivenews.ge

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ლევან ვასაძის განცხადებების შესახებ ამბობს, რომ როდესაც ადამიანი სულიერ ძალას კარგავს, ფიზიკურზე სწორედ მაშინ გადადის.

მიტროპოლიტს ტაბულამ ჰკითხა, როგორ აფასებს ის ლევან ვასაძის მოწოდებებს ქრისტეს სახელით უკანონო რაზმების შექმნასთან დაკავშირებით და რამდენად მართებულად მიაჩნია ამგვარი განცხადებების გაკეთება.

"როდესაც ადამიანი კარგავს სულიერ ძალას, მაშინ გადადის ფიზიკურზე..უწმინდურობას უნდა ვებრძოლოთ სიწმინდით, ბოროტებას სიკეთით..სასურველია შეიკრიბოს წმიდა სინოდი და მართლმკვეთელობით კრებსითად მიიღოს გადაწყვეტილება ეკლესიის სწავლების თანახმად.

[ვასაძის განცხადებებს] რჯულის კანონთან და კანონიკურ სამართალთან არაფერი აქვს საერთო, ისევე როგორც საერო კანონმდებლობასთან..", - გვიპასუხა მეუფე პეტრე ცაავამ.

ლევან ვასაძემ, რომელიც რუსი იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან დაახლოებული პირია, 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერები, ძალადობის ჯგუფები შეკრიბა, შეკრებას "ნამდვილი კაცების აქცია" უწოდა და ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთა.

მან თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს შექმნიან, რომლებიც "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი იქნება. "ჩვენ მათ [გეებს] შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან", - თქვა ვასაძემ.

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო, თუმცა, ვერის ბაღში რაზმებად დარეგისტრირება კვლავ გრძელდება.

ზემოთნახსენები დუგინი კი, რომელთან ვასაძე დაახლოებულია, ნეოიმპერიალისტური იდეებით გამოირჩევა. ის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. "რუსეთმა უნდა დაიპყროს ევროპა" - ასეთია მისი იდეა. დუგინი მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება.

კომენტარები