ნამდვილი მამაკაცების აქცია

ლომჯარია: ვერის ბაღში გაჟღერებული მოწოდებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2019 წლის 16 ივნისის ვერის ბაღში აქციაზე შეკრების ორგანიზატორის მხრიდან გაჟღერდა არაერთი განცხადება, რომელიც საფრთხის შემქმნელია ადამიანების უსაფრთხოების, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის," - სახალსო დამცველი ნინო ლომჯარია 16 ივნისს ვერის ბაღში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით "ნამდვილი კაცების" აქციას ეხმაურება. ომბუდსმენის თქმით, აქციაზე გაჟღერებული მოწოდებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს, წარმოადგენს ძალადობის პროპაგანდას.

"კერძოდ, აქციის ორგანიზატორის მხრიდან გაისმა მოწოდება სხვადასხვა ადამიანებისგან დაკომპლექტებული რაზმების შექმნაზე, რომლებიც მოახდენენ სხვა პირთა თავისუფლების აღკვეთას, იარაღად სხვადასხვა საშუალების გამოყენებასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას. ორგანიზატორმა ასევე ახსენა, რომ მოსალოდნელი იყო „კაცის მკვლელობა იქითა მხარეს“, რათა ეს შემდგომ ამ რაზმის წევრებს დაბრალებოდათ. მსგავსი მოწოდებები ბუნებრივია საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს, წარმოადგენს ძალადობის პროპაგანდას და ცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ტიპის უკანონო ქმედებები ადამიანის უფლებების შეზღუდვას ისახავენ მიზნად. თუკი 16 ივნისის აქციის მოწოდებები პრაქტიკაში რეალიზდება, საფრთხე შეექმნება როგორც ადამიანთა უფლებებს, ასევე, სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც ადამიანის უფლებების დაცვისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძველია," - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აქციაზე გაჟღერებული მოწოდებები და სამოქმედო გეგმა შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახალხო დამცველი მოუწოდებს მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს:

 ეფექტურად გამოიძიონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაწყებული გამოძიება და მოახდინონ შესაძლო დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა

 გაატარონ აქტიური სისხლის სამართლებრივი ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული პირთა უფლებების ხელყოფა

შეგახსენებთ, 16 ივნისს ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით "ნამდვილი კაცები" იმისთვის შეიკრიბნენ, რომ სიძულვილის ჯგუფებს ერთად დაეგეგმათ, თუ რა ფორმით ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდს. ვასაძემ თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. სიძულვილის ჯგუფის ორგანიზატორი პოლიციასაც დაემუქრა. მისი თქმით, სამართალდამცველები ვეღარ შეძლებენ მათი წევრების დაკავებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები