სიძულვილის ჯგუფები. თბილისი პრაიდი

ზურაბიშვილი სიძულვილის ჯგუფებზე: სახელმწიფო თუ გავაუქმეთ, ვთქვათ მაშინ

ტაბულა

რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი თბილისში სიძულვილის ჯგუფების გააქტიურებას აფასებს. 

ზურაბიშვილის თქმით, არასწორია, როდესაც სახელმწიფო ტოლობის ნიშანს სვამს პრორუსულ, აგრესიულ ჯგუფებსა და თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს შორის, რომლებიც თავიანთ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას იცავენ. 

"მე მგონი, პირველ რიგში, რასაც არ უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, არავითარ შემთხვევაში, ეს არის ის, რომ რაღაცნაირად ილაპარაკოს ორი მხარის პასუხისმგებლობაზე, ილაპარაკოს იმაზე, რომ თურმე არსებობს რაღაც ორი ექსტრემისტული ჯგუფი, რომლებსაც ერთმანეთში რაღაც ვერ გაურკვევიათ. რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს შემდეგთან: არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც უნდა საკუთარი პოზიციის გამოხატვა და საკუთარი უფლებების დეკლარირება და ამისთვის საჯარო აქციას მართავენ. და არის მოძალადეების ჯგუფი, რომლებიც მათ გამოხატვის თავისუფლებაში, კონსტიტუციით მინიჭებული უფლების რეალიზებაში უშლიან ხელს და არის ძალიან სერიოზული ეჭვები და ყველაფერი ამაზე მიუთითებს, რომ ეს ძალები, რომლებიც კონსერვატიული იდეების დამცველებად ასაღებენ თავს, სწორედ რუსეთიდან არიან მართულნი და მათი აგენტების ფუნქციას ასრულებენ,"- ამბობს ზურაბიშვილი. 

პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებას მარტივი ამოცანა აქვს - მან კანონი უნდა აღასრულოს, მოძალადეები დასაჯოს, ხოლო ძალადობრივი მოწოდების ავტორები პირველჯერზე გააფრთხილოს. 

"ხელისუფლება აქ უნდა იქცეოდეს ძალიან მარტივად - მან უნდა აღასრულოს კანონი. მოძალადე უნდა დასაჯოს, ძალადობრივი მოწოდების ავტორები ჯერ უნდა გააფრთხილოს და თუ ისინი არ შეწყვეტენ ამ თავიანთ ქმედებას, მერე შესაბამისი ზომებიც უნდა მიიღონ. თუ სახელმწიფო გვინდა, ვიყოთ, ასეა და თუ სახელმწიფო არ გვინდა, არ გვაქვს, გავაუქმეთ და "შტურმავიკის" მსგავსმა ჯგუფებმა უნდა ირბინონ ქუჩაში და ვიღაც საყურიანს ან ფერადტანსაცმლიანს თუ დაინახავენ ქუჩაში, ღრიალით გამოეკიდონ, ეს თუ გვინდა, არ ვიცი. თუ გავაუქმეთ სახელმწიფო, ვთქვათ მაშინ და გვეცოდინება, როგორ მოვიქცეთ,"- ამბობს ზურაბიშვილი. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, 16 ივნისს ვერის ბაღში "მხოლოდ კაცები" დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდის კვირეულს. ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ სიძულვილის ჯგუფებს რაზმების შექმნისაკენ მოუწოდა, რომლებიც: 

"გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ". 

ამასთან, პრორუსი ბიზნესმენი პოლიციაზე ძალადობითაც დაიმუქრა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები მათი წევრების დაკავებას შეეცდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები