რუსული პროპაგანდა

ბრაიან უიტმორი: რასაც რუსეთი დღეს საქართველოს უკეთებს, ხვალ იმავეს ევროპას გაუკეთებს

ტაბულა

ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის ხელმძღვანელი და მთავარი მკვლევარი ბრაიან უიტმორი ტაბულასთვის მიცემულ ვრცელ კომენტარში იმ გამოწვევებზე საუბრობს, რის წინაშეც დღეს დასავლეთ ევროპა დგას. 

ბრაიან უიტმორი დღეს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე "რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში" ერთერთი მთავარი გამომსვლელი იყო. მკვლევარი ამბობს, რომ კონფერენცია ეხება არა იმდენად რუსული გავლენების დევნას, რამდენადაც იმ კონფლიქტის გაანალიზებას, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს. 

უიტმორი ამას სისტემების კონფლიქტს უწოდებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, სადაც ერთ მხარეს ლიბერალურ დემოკრატიული სისტემა დგას, ხოლო მეორე მხარეს რუსული система, რომელსაც მკვლევარი ახალ კომუნიზმს უწოდებს. 

"მსოფლიოში ახლა სისტემური კონფლიქტი გვაქვს. აღმოსავლეთში არის რუსული система, ხოლო დასავლეთში ლიბერალური დემოკრატიული სისტემა და ეს ორი რამ ერთმანეთთან კონფლიქტშია. რასაც ჩვენ დღეს ჰიბრიდულ ომს ვეძახით, ისაა, რომ система, ერთი მხრივ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თავის შენარჩუნებას ცდილობს, მეორე მხრივ კი დასავლეთში გავრცელებას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სისტემური, ცივი ომის მსგავსი პრობლემაა. კონფლიქტი გვაქვს კომუნიზმსა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. система ახალი კომუნიზმია. რუსეთში არსებული კორუფციული, კრეპტოკრატიული система ახალი კომუნიზმია, რომელიც გავრცელებას ცდილობს. ის ცდილობს, თავი შეინარჩუნოს საქართველოში, უკრაინაში, ისეთ ქვეყნებში, სადაც ის აქამდეც არსებობდა.

თქვენ ამისგან გათავისუფლებას ცდილობთ. ჩვენ ამ სისტემისგან თავის დაღწევაში უნდა დაგეხმაროთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უფრო ანგარიშვალდებულ მთავრობას, მეტ გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას და ა.შ. ისეთ რაღაცებს, რაც ისედაც კეთდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად სჭირდება გაძლიერება და შემდეგ ჩვენ ეს სისტემა გავლენებისგან უნდა დავცალოთ და ამით დავიცვათ ჩვენი ინსტიტუტები. იმიტომ, რომ რასაც რუსეთი დღეს საქართველოს უკეთებს, ხვალ იმავეს ევროპას გაუკეთებს. 

თქვენ იმაზე ადრე შეგეხოთ რუსეთის ჰიბრიდული ომი, სანამ ეს მოდური გახდებოდა. თქვენს არჩევნებში იქამდე ჩაერია, სანამ ეს ტრენდული გახდებოდა. თქვენ იცოდით, რა არის ფეიკ ნიუსი, სანამ ჩვენ გავიგებდით ამის შესახებ. ამიტომაც, ჩვენ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რა ხდება აქ იმიტომ, რომ რასაც ისინი აკეთებენ დღეს აქ, ხვალ ჩვენც გაგვიკეთებენ. საქართველო არ არის რაღაც შორს მყოფი ქვეყანა, რომელზეც არაფერი ვიცით. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ყველაფერს. ვფიქრობ, რომ ჩვენ თქვენგან უნდა ვისწავლოთ, როგორ მოვიქცეთ. იმიტომ, რომ თქვენ იცით, როგორ დაუდგეთ მედგრად ამ ყველაფერს. თქვენ უკეთ იცით система, ვიდრე ჩვენ. ეს სწორედ ის სიტუაციაა, სადაც საქართველოს მსგავს ქვეყანას დასავლეთისთვის უსაფრთხოების გარანტი შეუძლია იყოს და იმედი მაქვს, რომ დასავლეთი თავის მხრივ შეძლებს, უფრო დაცული გახდეს,"- ამბობს ბრაიან უიტმორი. 

კომენტარები