ცნობილი ადამიანები

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ

0 კომენტარი

რამდენიმე დღის წინ, კიმ კარდაშიანმა, ინსტაგრამ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ხალხს ანახებს როგორ მალავს ფსორიაზის [კანის ქრონიკული დაავადება] შედეგად კანზე წარმოქმნილ გამონაყარს. კიმ კარდაშიანის თქმით, ის ამ ქრონიკული დაავადებას 10 წლის განმავლობაში მალავდა, ახლა კი გადაწყვიტა რომ ამის შესახებ ხალხს მოუყვეს.

კიმ კარდაშიანი არ არის ერთადერთი ცნობილი ადამიანი, რომელიც თავისი ქრონიკული დაავადების შესახებ ყვება.

წაიკითხეთ სხვა ცნობილ ადამიანებზე, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობენ.

ლედი გაგა - ფიბრომიალგია

ამერიკელ მომღერალს, ლედის გაგას ფიბრომიალგია ჭირს, რაც სხეულის ქრონიკულ ტკივილს, დაღლილობას, კონცენტრაციის პრობლემებსა და ძილიანობას იწვევს. ფიბრომიალგია ქრონიკული დაავადებაა და მისგან ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ტკივილების მინიმუმამდე შემცირება მკურნალობით, თერაპიითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით.

ლედი გაგამ ქრონიკული დაავადების შესახებ, პირველად 2017 წლის სექტემბერში ისაუბრა, როდესაც მას მწვავე ტკივილების გამო ბრაზილიაში კონცერტის გადადება მოუხდა.

ბელა ჰადიდი - ლაიმის დაავადება

ტოპმოდელს, ბელა ჰადიდს, ლაიმის დაავადება აქვს. ეს ქრონიკული დაავადება ბაქტერია ბორელიას გადააქვს, თავის მხრივ კი ბაქტერიის გადამტანი ირმის ტკიპაა. ლაიმის დაავადება კანზე სიწითლეს, ნერვული სისტემის მარტივად გაღიზიანებასა და იშვიათ შემთხვევებში გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს იწვევს.

2015 წელს ბელა ჰადიდის დედამ იოლანდა ჰადიდმა ჟურნალთ Porter-თან ინტერვიუში თქვა, რომ მას და მის შვილს, ბელას ლაიმის დაავადება აქვთ. ამის შემდეგ ბელა ჰადიდმაც ისაუბრა ქრონიკული დაავადების შესახებ და თქვა, რომ ერთხელ იმდენად ცუდად გახდა, რომ 6 დღე საწოლიდან ადგომა ვერ შეძლო.

ჯიჯი ჰადიდი - ჰაშიმოტოს დაავადება

ტოპმოდელს, ჯიჯი ჰადიდს, ჰაშიმოტოს დაავადება აქვს. ჰაშიმოტოს დაავადების დროს იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს უტევს, რომელიც ენდოკრინული სისტემის ნაწილია და ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ჰორმონებს წარმოქმინს. ამ დროს კი ხდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რაც იწვევს წონაში მატებას, თმის ცვენას და კონცენტრაციის პრობლემებს.

ჯიჯი ჰადიდმა ამ ქრონიკული დაავადების შესახებ 2017 წელს ისაუბრა. მისი თქმით, ჰაშიმოტოს დაავადების გამო მისი მეტაბოლიზმი ხანდახან ძალიან არეულია და ის წონაში იმატებს.

სელენა გომესი - ლუპუსის დაავადება

ამერიკელ მომღერალს, სელენა გომესს, ლუპუსის, იგივე წითელი მგლურას დაავადება აქვს. წითელი მგლურა აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ქსოვილის მწვავე ან ქრონიკული ანთებით მიმდინარეობს. ხშირად ის სხეულის ტკივილს, გამონაყარს და მუდმივ გადაღლილობას იწვევს.

სელენა გომესმა პირველად ამ ქრონიკული დაავადების შესახებ 2015 წელს ისაუბრა. მისი თქმით, ის დაავადების სიმპტომებთან გასამკვლავებლად ქიმიოთერაპიებს იკეთებდა, მოგვიანებით კი მეგობარმა მას თირკმელი გადაუნერგა.

ვენუს უილიამსი - შოგრენის სინდრომი

ამერიკელ ჩოგბურთელს, ვენუს უილიამს, ქრონიკული დაავადება შოგრენის სინდრომი აქვს. შოგრენის სინდრომი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების დაქვეითებით. ხშირად ეს დაავადება იწვევს თვალებისა და პირის სიმშრალეს, ასევე დაღლილობის შეგრძნებას.

ვენუს უილიამსმა ქრონიკული დაავადების შესახებ პირველად 2011 წელს ისაუბრა, როდესაც მას US OPEN-დან გამოთიშვა სწორედ შოგრენის სინდრომის სიმპტომების გამო მოუწია.

ნიკ ჯონასი - დიაბეტი

ამერიკელ მომღერალს, ნიკ ჯონასს, დიაბეტის პირველი ფორმა 13 წლის ასაკში დაუდგინეს. მომღერალი იხსენებს, რომ ეს იყო ყველაზე შემაშინებელი გამოცდილება მის ცხოვრებაში.

დიაბეტის პირველ ფორმას არ იწვევს ცხოვრების სტილი ან რაიმე სხვა მიზეზი, ეს ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის შემცველობა ძალიან მაღალია და ორგანიზმი ვერ ახერხებს ჰორმონი ინსულინის გამომუშავებას. 

ლილ უენი - ეპილეფსია

ამერიკელ რეპერს, ლილ უენს, ქრონიკული დაავადება ეპილეფსია აქვს. ეპილეფსია არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომლის დროსაც თავის ტვინში დარღვეულია ნერვული უჯრედების აქტივობა, რაც იწვევს გულყრებს.

ლილ უენმა ქრონიკულ დაავადებაზე პირველად 2013 წელს ისაუბრა. მისი თქმით, მას ცხოვრებაში ბევრჯერ გამოუცდია ხანმოკლე და ხანგრძლივი გულყრაც, უბრალოდ ამის შესახებ ადამიანებს არასდროს გაუგიათ. რეპერს ერთხელ ლას-ვეგასში დაგეგმილი კონცერტის გადადებაც მოუწია, რადგან მას რამდენიმე შეტევა მიყოლებით ჰქონდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები