რუსეთი

რუსეთში კომუნისტებმა ნოვოსიბირსკის მერის საარჩევნო კამპანიის დროს სტალინის ფესტივალი ჩაატარეს

0 კომენტარი
ფოტო: RFE/RL

რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკში, რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ საბჭოთა დიქტატორის სტალინის დაბადების 140 წლისთავს ფესტივალი "სტალინის 140 წელი" მიუძღვნა.

ნოვოსიბირსკში კომუნისტურ ფესტივალს "სიმართლის დღე" უკვე 12 წელია ატარებენ, თუმცა წელს ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილიც არის, რითაც კომუნისტი მერის ანატოლი ლოკოტის ხელახლა არჩევას უჭერენ მხარს.

საარჩევნო ბროშურაზე, რომლისგანაც დამსწრეები ქაღალდის თვითმფრინავებს აკეთებდნენ და ასე ავრცელებდნენ, ვკითხულობთ ლოზუნგს "დედა-სამშობლოსთვის, სტალინისთვის, ლოკოტისთვის".

რადიო თავისუფლების სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ფესტივალს არაერთი ადამიანი შეუერთდა:

"ჩემთვის ეს ადამიანი გმირია და მე მას ჩემ უკანასკნელ დღემდე პატივს ვცემ"; "ყველაზე მთავარია ის, რომ მან ომი მოიგო. დაე იყოს ბოროტი ადამიანი, ბევრი მას გმობს, თუმცა ქვეყნაში წესრიგი იყო," - ამბობენ ფესტივალის დამსწრეები.

ღონისძიებაზე სტალინის სხვადასხვა პლაკატი იყო გამოფენილი. დამსწრეები დიჯეისა და მევიოლინეების დაკრულ მუსიკაზე ცეკვავდნენ და სხვადასხვა თამაშს თამაშობდნენ.

ფესტივალზე მუყაოსგან დამზადებული სტალინის ფიგურაც იდგა, მსურველებს მასთან სურათის გადაღება შეეძლოთ. ერთერთმა მონაწილემ თქვა, რომ დიდი ხანია, სტალინთან ფოტოს გადაღება სურს, თუმცა არ იცოდა, როგორ, "ამ ორიგინალური მოფიქრებით" კი ეს სურვილი რეალობად აქცია.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს ნოვოსიბირსკში იოსებ სტალინის ბიუსტი გახსნეს. ბიუსტის დადგმის ცერემონიას 200-მდე ადამიანი ესწრებოდა, რომლებსაც ხელში სტალინის პორტრეტები და წითელი დროშები ეკავათ.

სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ლევადა-ცენტრის მიერ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სტალინის ისტორიულ როლს დადებითად 70% აფასებს, რაც ისტორიული რეკორდია. ამავე კვლევის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 46% სტალინის რეჟიმის მსხვერპლების რაოდენობას გამართლებულად მიიჩნევს. 

რუსული მედიის ცნობით, ეს სტალინისადმი დადებითი შეფასების ისტორიული რეკორდია.

სტალინის შვილთაშვილი იაკობ ჯუღაშვილი მორალურად მახინჯებად და დეგენერატებად მოიხსენიებს მათ, ვინც მისი დიდი ბაბუის რეპრესიებს ამართლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები