ანაკლიის პორტი

თურნავა: ნებისმიერ პროექტს განვიხილავთ მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში

ნათია თურნავა
ტაბულა

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ანაკლიის პორტის ნებისმიერ ალტერნატიულ პროექტს მთავრობა "მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში" განიხილავს.

კითხვაზე, დააფრთხობს თუ არა მეორე ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივა ანაკლიის პორტის ინვესტორებს, თურნავა პასუხობს, რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, მთავრობისთვის მთავარია, მისმა ნაბიჯებმა არ დააზიანოს ანაკლიის პორტის პროექტი:

"ჩვენთვის პრიორიტეტი, ცალსახად, არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ნებისმიერი ალტერნატიული პროექტს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, განვიხილავთ მხოლოდ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში. თუკი რაიმე ბიზნესგეგმა იქნება წარმოდგენილი სამინისტროში და ჯერ-ჯერობით ბიზნესგეგმა წარმოდგენილი არ არის, განვიხილავთ მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ არც ერთი ნაბიჯით არ დავაზარალოთ ანაკლიის პორტის კონსორციუმი."

თურნავას თქმით, აპირებს თავად შეხვდეს ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლებს, სადაც აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ გააუქმა ეკონომიკის სამინისტრომ მაისში გაცემული ნებართვა:

"ვაპირებ, რომ შევხვდე APM ტერმინალსს და საქმიან ვითარებაში განვიხილო ზოგადად, მათთან ყველა საჭირბოროტო საკითხი, იმიტომ, რომ APM ტერმინალსი არის მნიშვნელოვანი ინვესტორი, ფოტის პორტი არის ასევე მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელსაც თავისი დიდი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ლოგისტიკაში".

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფოთის პორტისთვის "მიწათსარგებლობის წინასაწარი სარგებლობის დოკუმენტი" გაიცა და ის უკვე გაუქმებულია.

პრემიერმა ბახტაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს განაცხადეს, რომ მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბრამდე გადაუწია.

ანაკლიის კონსორციუმისთვის ფინანსური დახურვის ვადა აქამდე 15 ივნისისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა ვერ შედგა შეთანხმება მთავრობასა და ოთხ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას შორის, რომლებმაც პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი უნდა დააფინანსონ.

კომენტარები