ლევან ვასაძე

ვასაძე "სახალხო რაზმების პატრულირებას" აუქმებს - "წყნარ რეჟიმში ვილოცებთ"

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო დაჯგუფებების შექმნის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო, პრორუსი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს პრაიდის აქციას. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულა, ვასაძემ შეკრებილებს ასევე უთხერა, რომ შსს-მ "აუკრძალა ორგანიზატორებს მისი [პრაიდის] ჩატარება".

ვასაძემ შსს-ს და მინისტრ გახარიას მოუწონა "ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების გადაწყვეტილება "და მადლობა გადაუხადა.

"იმის გამო, რომ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას, ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, მაგრამ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს, როგორც კეთილი ნების ჟესტს, რათა პატივი ვცეთ ამ უწყებას და გავაუქმებთ გამოცხადებულ ქუჩების პატრულირებას, რომელიც უნდა დაწყებულიყო ხვალ. ანუ ჩვენ არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შინაგან საქმეთა მინისტრს რომ ისინი არ დაუშვებენ უმსგავსობის აქციას. მაგრამ ნურავის ნურაფერი შეეშლება, ჩვენი ჯგუფები შედგენილია, მზადყოფნაშია და თუ ვინმე მოგვატყუებს, დაპირებულს შევასრულებთ. ტელეფონზე ერთი ღილაკის დაჭერით გავჩნდებით იქ, სადაც ადამიანები არ დაემორჩილებიან სამინისტროს ამ რეკომენდაციას და მივაბრძანებთ მათ იქიდან", - თქვა მან ვერის ბაღში.

ლევან ვასაძემ ასევე აღნიშნა, რომ "წყნარ, მშვიდ რეჟიმში" ილოცებენ და ეცდებიან, რომ ამ კვირამ მშვიდად ჩაიაროს.

"ყველა ვინც ჩაეწერა სახალხო რაზმებში, გაერთიანდა ერთადერთი მიზნით - ვხედავდით, რომ გარე ძალები, გამოხატული გლობალისტების ორგანიზაციაში, მიერეკებიან ჩვენს ტრადიციულ ქვეყანას დაპირისპირებისკენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხი იქცეს ბრბოდ, შეასკდეს სახელმწიფოს და დაიწყოს ქვეყანაში სისხლისღვრა და დიდი არეულობა. ჩვენ ყველანი, აქ დამსწრენი და ბევრად უფრო მეტნი, ვლოცულობდით და ვფიქრობდით რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არეულობა ავიცილოთ თავიდან. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა რაღაცნაირად ფიანდაზად გავეფინოთ ამ სიტუაციას, გავწიროთ ჩვენი თავი... ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა, რომ ამის სანაცვლოდ სწორედ ჩვენ დაგვარქმევენ ექსტრემისტებს, ფაშისტებს, მოძალადეებს, ჩვენ დაგვცინებენ, ჩვენს ოჯახის წევრებს შეურაცხყოფენ და ის სიმწარე, ის უსამართლობა, ის დაცინვა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა და მათ შორის მეც გადავიტანეთ და ალბათ კიდევ გადავიტანთ, მარტო ჩვენ ვიცით, მაგრამ არ გვაშინებს", - თქვა მან ვერის ბაღში სიტყვით გამოსვლის დროს.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით "ნამდვილი კაცები" იმისთვის შეიკრიბნენ, რომ სიძულვილის ჯგუფებს ერთად დაეგეგმათ, თუ რა ფორმით ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდს. 

ვასაძემ თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან.

"რაზმები იქნება მარტივი და იერარქიული. გვეყოლება ათეულები ათისთავებით, ათეულები შეიკრიბება ასეულებად ასისთავებით, ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყარი და აუღელვებელი.

ყველას ვისაც უნდა, რომ იგინოს, იფურთხოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია, წავიდეს აქედან, იმის ადგილი აქ არ არის" - თქვა ვასაძემ. 

სიძულვილის ჯგუფის ორგანიზატორი პოლიციასაც დაემუქრა. მისი თქმით, სამართალდამცველები ვეღარ შეძლებენ მათი წევრების დაკავებას. 

დღეს, 17 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ შსს-მ სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას ან ხელმღვანელობას გულისხმობს და 6-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების შეხვედრა უწყების წარმომადგენლებთან, რომელსაც სახალხო დამცველიც ესწრებოდა. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, შსს-ს მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ პრაიდი არ ჩატარდეს.

თბილისი პრაიდის ჩატარება ხვალიდან, 18 ივნისიდან იგეგმება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ის სხვადასხვა სახის ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის, ღირსების მარშსს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები