ქართული ოცნება

ქუცნაშვილი: რუს დეპუტატებს ჩვენთვის მიუღებელი განცხადებების გამო ვერ ავუკრძალავთ შემოსვლას

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, რუს დეპუტატების მიუღებელი განცხადების გამო საქართველოში შემოსვლას ვერ აუკრძალავს.

"იმის გამო, რომ ჩვენთვის მიუღებელი განცხადებები აქვთ გაკეთებული ვიღაც დეპუტატებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება, რომ არ შემოვუშვათ საქართველოში. მაგ ლოგიკით მაშინ, მეგობრებო, გაეროს გენერალური ასამბლეაში ჩადის ნახევარი მსოფლიო დიქტატორი და მაშინ ამერიკამ უნდა ჩაკეტოს ნიუ-იორკის აეროპორტი. საერთაშორისო ასამბლეაში და გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობაზე უარის თქმა, თუნდაც მიუღებელი პერსონებისთვის, ეს არის დიპლომატიაში ქაჯობა," - თქვა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილმა ასევე თქვა, რომ დეპუტატ სერგეი გავრილოვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული.

"ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ბატონი გავრილოვი არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევი - ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

ჩვენ კარგად გადავამოწმეთ, შესაბამისი სპეციალური სამსახურების ჩართულობით შევამოწმეთ ყველა დელეგაციის წევრი. ორს, სამწუხაროდ, აღმოაჩნდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული და მათ უარი ეთქვათ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში შემოსვლაზე.

ასე რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. და როგორც ყველა ინფორმაცია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს მხოლოდ ორ ფუნქციას და თავისი თავის აქტუალიზაციას პრესკონფერენციიდან პრესკონფერენციამდე," - თქვა ქუცნაშვილმა.

მმართველი პარტიის დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ არ გაემიჯნება მართლმადიდებლურ სამყაროს, მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაში მონაწილე ერთერთი ქვეყანა რუსეთია.

"ჩვენ არ ვაპირებთ გავემიჯნოთ მართლმადიდებლურ სამყაროს იმის გამო, რომ ასე სურს ევროპულ საქართველოს ან ნაციონალებს ან კიდევ იმის გამო, რომ 23 ქვეყანას შორის არის ერთერთი მართლმადიდებლური ქვეყანა რუსეთი," - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ 19-23 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იმართება, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატებიც დაესწრებიან. ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ დუმის დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არასასურველია და ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ასევე საერთაშორისო ავტორიტეტს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები