თბილისი პრაიდი

თაბაგარი: დავინახე სახელმწიფოს უსუსურობა ან ნების არ ქონა, ჯერ არ ვიცი რას გადავწყვეტთ

www.facebook.com/Georgi.Tabagari

თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ კვირეულთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მან ტვ პირველის ეთერში აღნიშნა, რომ დაინახა სახელმწიფოს უსუსურობა ან ნების არ ქონა

"ფიზიკურად არ გვქონდა დრო, რომ რეფლექსია მოგვეხდინა იმ ყველაფერზე, რაც დღეს შსს-სთან შეხვედრაზე მოვისმინეთ. ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება გავიაზროთ ის ინფორმაცია, რაც მივიღეთ, შევხვდეთ მხარდამჭერებს, საერთაშორისო საზოგადოებას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში და შემდეგ ალბათ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორ ვაგრძელებთ მუშაობას ან რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ზოგადად. ჩვენც ვხედავთ რისკებს და ამ რისკებს ხედავს შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამაზე გვესაუბრა დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში. მე პირადად დავინახე სახელმწიფოს უსუსურობა ამ ყველაფერში, ან პოლიტიკური ნების არქონა. ჯერ არ ვიცი როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ვერ ვისაუბრებ ამაზე, უბრალოდ, ადამიანების სიცოცხლე არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის, პრაიდის ორგანიზატორებისთვის და ამას ხაზი უნდა გავუსვათ", - თქვა თაბაგარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ლევან ვასაძის მიერ დაანონსებული დაჯგუფებები პირდაპირი საფრთხეა ყველა ადამიანისთვის, ვინც განსხავებულად გამოიყურება.

"ის ბანდფორმირებები, რომლებიც დააანონსეს ლევან ვასაძემ და სხვა ორგანიზატორებმა, არის პირდაპირი საფრთხე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება არანორმატიულად გამოიყურებიან და მომდევნო დღეების განმავლობაში უბრალოდ ქუჩაში ვერ გავლენ, ისევე, როგორც მე ვერ გავდივარ უკვე ქუჩაში, ბოლო დღეების განმავლობაში. ეს არ შეიძლება ნორმალური იყოს, ჩვენ აქ ვცხოვრობთ. სამართლებრივად შემდგარ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული და ჩვენი საბაზისო უსაფრთხოება (უფლებას გულისხმობს ალბათ), სიცოცხლეზე, ეს ყველაფერი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ", - თქვა გიორგი თაბაგარმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

ლევან ვასაძემ კი, რომელიც რუს იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან დაახლოებული პირია, 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერები, ძალადობის ჯგუფები შეკრიბა, შეკრებას "ნამდვილი კაცების აქცია" უწოდა და ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთა.

მან თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს შექმნიან, რომლებიც "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი იქნება. "ჩვენ მათ [გეებს] შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან", - თქვა ვასაძემ.

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს.

კომენტარები