თბილისი პრაიდი

NGO-ები: განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ შსს ორგანიზატორებს პრაიდის არჩატარებას სთავაზობს

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ Tbilisi Pride

საქართველოში არსებული 13 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და ლგბტ+ აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ ძალადობრივი ჯგუფების მიერ უხეშად შეიზღუდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, გაატარონ ყველა საჭირო ზომა, ერთი მხრივ, მოძალადეთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის, მეორე მხრივ კი თბილისი პრაიდის კვირეულის მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. 

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლება, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს სრული უფლება, გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება და გამოხატოს ის თავისუფლად, ზეპირად, წერილობით ან სხვა ფორმით. ამავდროულად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მიიღოს სათანადო ზომები, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ამ უფლებით სარგებლობას. სწორედ ამგვარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩათვალა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომ 2012 წლის 17 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა კონვენციის დარღვევას საქართველოს მხრიდან.

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ 14 ივნისს კანცელარიასთან ლგბტ+ აქტივისტებს არ მიეცათ საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალება. ისინი, ისევე როგორც იქ მყოფი სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟურნალისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, გახდნენ მუქარისა და ძალადობის ობიექტები, იმ ჯგუფების მხრიდან, რომელთა ლიდერებსაც კავშირი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს 16 ივნისს ვერის პარკში ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც შეიცავდა მკაფიო მუქარას და ძალადობისკენ მოწოდებას ლგბტ+ აქტივისტების, პოლიციელების, უფლებადამცველებისა და საერთაშორიო პარტნიორების მიმართ. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილებს „თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმაც გააცნო და ძალადობრივი დაჯგუფებაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.

14 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული წესით, დააკავა 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და სხვადასხვა ქმედებით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე, ჟურნალისტების მიმართ. ამასთან, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებსა და მოწოდებებზე რეაგირება მისასალმებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ჯგუფების გაძლიერება წლების მანძილზე ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკის, უმოქმედობისა და ხშირად შემწყნარებლური დამოკიდებულების შედეგია. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს პრაიდის არჩატარებას სთავაზობს და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს,"- წერია განცხადებაში. 

ზემოჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, 13 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია:

"● სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 14 და 16 ივნისის აქციებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები და მოწოდებები; ამ კუთხით სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს აქციაზე გაჟღერებული გეგმების მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით (უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს;

● გატარდეს ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ ლგბტ+ აქტივისტების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი „თბილისი პრაიდის” კვირეულის განმავლობაში და მიეცეთ საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის უფლებებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება;

● ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით დააკვირდეს ქვეყანაში ექსტრემისტული ძალების გააქტიურებას, შეისწავლოს რუსეთის სპეც-სამსახურებთან მათი შესაძლო კავშირები და მოახდინოს ამ მხრივ არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება".

განცხადებას ხელ აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
საზოგადოება და ბანკები;
მედიის განვითარების ფონდი;
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
საფარი;
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი.

კიდევ 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განცხადება 17 ივნისს გაავრცელა. "კოალიცია თანასწორობისთვის" წევრმა 6-მა ორგანიზაციამ და "თანასწორობის მოძრაობამ" სახელმწიფოს ანტიდემოკრატიული ჯგუფების ძალადობრივი მოწოდებების აღკვეთისა და თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, კი 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები