Facebook

Facebook-მა საკუთარი კრიპტოვალუტა, "ლიბრა" წარადგინა

Reuters

18 ივნისს Facebook-მა საზოგადოებას საკუთარი კრიპტოვალუტა გააცნო, რომელსაც ლიბრა ერქმევა. მისი გამოყენება 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი როგორც ცალკე აპლიკაციით, ისევე Facebook-ისა და Whatsapp-ის მეშვეობით. მომხმარებლებს ფულის შეეძლებათ ერთმანეთისთვის გადარიცხვაც და ამა თუ იმ პროდუქტის შეძენაც. Facebook-მა კრიპტოვალუტა საკუთარ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე ააგო.

ლიბრას მენეჯმენტს Libra Association განახორციელებს, რომელიც Facebook-ის გარდა 27 დამფუძნებელი კომპანიისგან შედგება. თითოეულის საწყისი კონტრიბუცია მინიმუმ 10 მილიონი აშშ დოლარია. ამგვარად, ლიბრას საწყისი კაპიტალი ერთ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. Facebook-ის გარდა, დამფუძნებელ კომპანიებში შედიან Uber, Vodafone, Visa, Mastercard, Paypal, Lyft, Spotify, Booking.com, Ebay და სხვები.

Libra Association-ის სათავო ოფისი ჟენევაში განთავსდება და როგორც Facebook-ში ამბობენ, მისი მენეჯმენტი მათგანაც დამოუკიდებელი იქნება. რყევების თავიდან ასაცილებლად, ლიბრა მიბმული იქნება სხვადასხვა აქტივებს, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით.

ცნობები, რომ Facebook საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას აპირებდა, აქამდეც ვრცელდებოდა. ამას წინ უძღვოდა PayPal-ის ყოფილი პრეზიდენტის, დევიდ მარკუსის Facebook-ში გადასვლა, სადაც ის კომპანიის საქმიანობას ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სფეროში უძღვება.

ამჟამად, ყველაზე მსხვილ სოციალურ ქსელს 2 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ კრიპტოვალუტა მათ შემოსავლების წყაროების დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემს. დღეისთვის, Facebook-ის შემოსავლები თითქმის მთლიანად რეკლამებზეა დამოკიდებული, კომპანია კი ბოლო ხანებში არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი სარეკლამო მიზნებისთვის მომხმარებლის პირადი ინფორმაციის არასათანადოდ დაცვის გამო.

კომენტარები