17 ივნისს აშშ-ის სამხედრო პერსონალმა ომანის ყურეში გადაღებული სურათები გამოაქვეყნა, სადაც მათივე ინფორმაციით, ჩანს, რომ ირანის რევოლუციური გვარდია იაპონურ ტანკერს აუფეთქებელ ნაღმს ხსნის. გამოქვეყნებული ფოტომასალით აშშ-ის მხარე 13 ივნისს ომანის ყურეში ორ ტანკერზე, ნორვეგიულ Front Altair-სა და იაპონურ Kokuka Courageous-ზე, თავდასხმის პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს.
თავდასხმის მეორე დღეს ცენტრალურმა სამმართველომ ვიდეოც გაავრცელა, სადაც აშშ-ის სამხედრო პერსონალის ინფორმაციით, ირანის რევოლუციური გვარდია.
"ვიდეო სამხილის, აუფეთქებელი ნაღმის სწრაფად მოხსნისთვის საჭირო რესურსებისა და ცოდნის გათვალისწინებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება," - ვკითხულობთ აშშ-ის ცენტრალური სამმართველოს განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება. თეირანი ბრალდებას უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ეს ომანის ყურეში მცურავ ტანკერებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა.
მაისის დასაწყისში ომანის ყურეში ოთხი ნავთობტანკერი დააზიანეს. ინციდენტის გამოსაძიებლად სამხედრო ექსპერტები გაიგზავნენ, რომლებმაც ტანკერების კორპუსში მოზრდილი ხვრელები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი თქმით ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად გაჩნდა.
ტაზიანებული ტანკერებიდან ორი საუდის არაბეთის, ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ხოლო ერთი ნორვეგიის დროშის ქვეშ დაცურავდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საუდის არაბეთის თქმით მათ ხომალდებს სერიოზული ზიანი მიადგა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ომანის ყურეში ნავთობტანკერები ირანულმა ჭურვებმა დააზიანა. ბოლტონს კონკრეტული მტკიცებულებები არ მოუყვანია. ირანი ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს.
ინციდენტი აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვას მოჰყვა, რაც რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ნავთობის ფასებზეც აისახა.