ჯანდაცვის სამინისტრო

ტიკარაძე: რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე მორგებულ სისტემას მივიღებთ

ტვ პირველი

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს. 

ტიკარაძე თვლის, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც მისივე თქმით, მათ შორის დავით სერგეენკოს დამსახურებაცაა. 

"ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი მიზნად ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას,"- ამბობს ეკა ტიკარაძე.

ახალმა მინისტრმა ასევე პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ არცერთი პრობლემა ყურადღების მიღმა არ დარჩეს. 

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიც არის პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები. ასევე, მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ პრობლემებთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არცერთი საკითხი და არცერთი პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე მორგებულ სისტემას,"- ამბობს ტიკარაძე. 

ეკა ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის ახალ მოადგილედ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, დღეს, 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ბახტაძემ იქვე აღნიშნა, რომ ყოფილი მინისტრი სერგეენკო დღეიდან მისი მრჩევლის პოსტს დაიკავებს. 

ეკა ტიკარაძე, ისევე, როგორც დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნამდე საჩხერის მულტიფუნქციური საავადმყოფოს დირექტორი იყო. 

კომენტარები