ლგბტ კვირეული

ნიდერლანდების საელჩო ტურისტებს მოუწოდებს, უსაფრთხოებისთვის პრაიდისგან თავი შორს დაიჭირონ

ნიდერლანდების საელჩო საქართველოში ჰოლანდიელ ტურისტებს მოუწოდებს, თავი შორს დაიჭირონ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი მარშისგან.

ჰოლანდიის დიპლომატიური წარმომადგენლობის ფეისბუქ-გვერდზე წერია:

"მიმდინარე კვირა, 18-26 ივნისი, განცხადებულია, როგორც თბილისი პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. ჩვენ ვურჩევთ ჰოლანდიელ ტურისტებს, თავი შორს დაიჭირონ პრაიდის მარშისგან, იმიტომ რომ არსებობს რისკი, რომ კონტრდემონსტრანტები ძალადობრივ კონფრონტაციებს მოაწყობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება, თუმცა, დაცვის პირობა დადებული აქვს".

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ.

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე.

ასევე,

ლევან ვასაძემ, რომელიც რუსი იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან დაახლოებული პირია, 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერები, ძალადობის ჯგუფები შეკრიბა, შეკრებას "ნამდვილი კაცების აქცია" უწოდა და ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთა.

მან თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს შექმნიან, რომლებიც "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი იქნება. "ჩვენ მათ [გეებს] შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან", - თქვა ვასაძემ.

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო, თუმცა, ვერის ბაღში რაზმებად დარეგისტრირება კვლავ გრძელდება.

ზემოთნახსენები დუგინი კი, რომელთან ვასაძე დაახლოებულია, ნეოიმპერიალისტური იდეებით გამოირჩევა. ის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. "რუსეთმა უნდა დაიპყროს ევროპა" - ასეთია მისი იდეა. დუგინი მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება.

კომენტარები