მთავრობის სესხები

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 62 და 90 მილიონ დოლარიანი სესხები გამოუყო

ივანე მაჭავარიანი და მერსი ტემბონი
ფინანსთა სამინისტრო

18 ივნისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა ორ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ სესხები 24 და 29 მაისს დაამტკიცა.

ამათგან, პირველის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) ენერგომომარაგების საიმედოობის და ფინანსური გაჯანსაღების პროექტს დააფინანსებს. სესხი 62 მილიონი დოლარის ოდენობისაა და როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, მიზნად ისახავს "სახელმწიფო ელექტროსისტემის სიჯანსაღის უზრუნველყოფას."

მერსი ტემბონის თქმით, "პროექტი გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდებას და უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის პრევენციას, ის ასევე დაეხმარება სახელმწიფო ელექტროსისტემას გაცილებით მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო რესურსის გამოყენებაში."

მეორე სესხი, რომელიც 90 მილიონ დოლარიანია, დააფინანსებს "ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის" პროექტს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პროექტმა პროექტი სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ხარისხიანი განათლების და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით ადამიანური კაპიტალის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

კომენტარები