ჩინეთი

ჰონგ-კონგის აქციების პარალელურად ჩინეთში სიმღერა "Do you hear the people sing?" დაბლოკეს

0 კომენტარი
ფოტო: YouTube

ჩინეთში ცნობილმა სიმღერების საძიებო სისტემებმა ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის "Les Misérables" ცნობილი სიმღერა "Do you hear the people sing?" დაბლოკა. აღნიშნული სიმღერა ჰონგ-კონგის მიმდინარე საპროტეტსო აქციებზე არაერთხელ დაუკრეს. ეს სიმღერა 2014 წლის ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების არაოფიციალური ჰიმნი გახდა.

ჰონგ-კონგში უკვე ორი კვირაა, რაც მთავრობის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც სიმღერასთან "Do you hear the people sing?" ერთად ქრისტიანულ სიმღერასაც "Sing Hallelujah to the Lord" ხშირად უკრავენ. ქალაქში დაახლოებით, მილიონზე მეტი მომიტინგე ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის სრულ გაწვევასა და ქალაქის ლიდერის კერი ლამის გადადგომას ითხოვს.

"Do you hear the people sing?" აკრძალულია ქვეყნის ერთერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერების საძიებო სერვისში QQ Music. სიმღერის მოძებნის დროს გვერდზე ვკითხულობთ, რომ მისი დაკვრა საავტორო უფლებების გამო შეუძლებელია. თუ მსურველი ფილმის სრულ ალბომს მოძებნის, ყველა სიმღერას ნახავს, ამ ერთის გამოკლებით. კიდევ ერთ ცნობილ საძიებო სისტემაში NetEase ცალკე ამ სიმღერის მოძებნა შეუძლებელია, თუმცა აქ ალბომის რამდენიმე ვერსიაში სიმღერის ნახვა მაინც შესაძლებელია.

აღნიშნული სიმღერა შემდეგი ტექსტით იწყება - "გესმით ხალხის სიმღერა? რომლებიც გაბრაზებული კაცის სიმღერას მღერიან. ეს ხალხის მუსიკაა, რომლებიც მონები აღარ იქნებიან..."

ისეთ მცირერიცხოვან საძიებო სერვისებში, როგორც არის Xiami და რომელიც 2%-იანი პოპულარობით სარგებლობს, ასეთ გვერდებზე სიმღერის "Do you hear the people sing?" ნახვა კვლავ შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების მეორე ცნობილი სიმღერა "Sing Hallelujah to the Lord" ჩინეთის ცენზურას ჯერჯერობით არ დაუბლოკავს.

შეგახსენებთ, რომ საკამათო კანონით ჰონგ-კონგიდან დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

12 ივნისს ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლითა და ხელკეტებით დარბევა დაიწყო.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება. 

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ამ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

აქციები გასულ კვირას დაიწყო. ჰონგ-კონგის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი საპროტესტო აქციებია.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები