თბილისი პრაიდი

Amnesty International ხელისუფლებას: მოგიწოდებთ, საჯაროდ დაუჭიროთ მხარი ღირსების მარშს

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ Tbilisi Pride

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International 18-23 ივნისს თბილისში დაგეგმილ თბილისი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას მასში მონაწილე პირთა უსაფრთხოება. 

"18-22 ივნისს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველი ლგბტი პრაიდი გაიმართება, რომელიც ასევე საქართველოს დედაქალაქ თბილისში საჯარო მარშსაც მოიცავს. ქართველმა სამართალდამცავებმა ყველა აუცილებელი ზომა უნდა გამოიყენონ, რათა უზრუნველყონ თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება, რომლებიც მათ შორის, ჰომოფობიური დაჯგუფებების მხრიდან უპრეცენდენტო მუქარის ქვეშ არიან.

ადგილობრივი ბიზნესმენის მიერ მართული ჰომოფობიური ჯგუფი, რომელსაც ძალიან ახლო კავშირები აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ძალადობრივ კონტრაქციას გეგმავს, რათა შეაჩეროს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი მარშის მსვლელობა. 16 ივნისს ჯგუფის ლიდერმა დეკლარირებულად განაცხადა, რომ ის ხის ჯოხებით შეიარაღებულ სამოქალაქო დაჯგუფებებს აყალიბებს, რათა თავს დაესხას თბილისი პრაიდის მშვიდობიანი მარშის მონაწილეებს. ის ასევე იმ საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატებს დაემუქრა, რომლებიც მარშზე დასწრებას აპირებენ. 

16 ივნისს რამდენიმე ქართულმა მედიამ დაწერა, რომ სამოქალაქო გაერთიანებაში ათობით მხარდამჭერი ეწერებოდა. 17 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "უკანონო ფორმირებების შექმნასთან" დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიების დაწყების მიუხედავად, ჰომოფობები კვლავაც აგრძელებენ სამოქალაქო გაერთიანებაში ჩაწერას. 

თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა Amnesty International-ს უთხრეს, რომ ისინი კვლავაც იღებენ სასიკვდილო მუქარებს. ამასთან, 17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს შეხვდნენ და მათ განუცხადეს, რომ არ შეუძლიათ უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ღირსების მარშთან დაკავშირებით. ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ის დროებით აჩერებს სამოქალაქო გაერთიანებებს, თუმცა თუკი მარში ჩატარდება, ისინი გააგრძელებენ იმის გაკეთებას, რაც დაგეგმილი იყო. 

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების მიხედვით, ყველა ადამიანს, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა, თუ გენდერული იდენტობისა, გარანტირებული აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება. 

ქართველ სამართალდამცავებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიყენონ ყველა აუცილებელი ზომა თბილისი პრაიდის მარშის თავდასხმებისგან დასაცავად. Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯაროდ დაუჭიროს მხარი ღირსების მარშს, ეფექტიანად გამოიძიოს მუქარები და თავდასხმის გეგმები, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი და დაუყონებლივ მიიღოს ნამდვილი და ეფექტიანი ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად. 

Amnesty International-ის სადამკვირვებლო ჯგუფი თვალს მიადევნებს თბილისის ღირსების მარშს,"- წერია განცხადებაში. 

---

თბილისი პრაიდის ორგანიზატორთა ცნობით, მიუხედავად სირთულეებისა და მათ მიმართ გაჟღერებული სასიკვდილო მუქარებისა, ღირსების მარში მაინც ჩატარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ, უცნობი იყო, რას გადაწყვეტდნენ კვირეულის ორგანიზატორები. გიორგი თაბაგარი ამბობდა, რომ დაინახა სახელმწიფოს უსუსურობა და ამოსავალი წერტილი ადამიანების სიცოცხლეა. ამავე შეხვედრიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა კი აღნიშნა, რომ შსს-ში პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზეს.

თბილისი პრაიდი რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტქ+ თემის ნაწილმა და აქტივისტებმა 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, კი 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს, 18 ივნისს ვასაძემ სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი დაჯგუფებები მზადყოფნაში არიან და თუკი პრაიდი "რამეს დააპირებს", გააკეთებს იმას, რაც ვერის ბაღში დაიგეგმა. 

თბილისი პრაიდი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის, ღირსების მარშს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები