თბილისი პრაიდი

ვასაძე შსს-ს: თუ დაიცავთ პრაიდს და ჩაატარებინებთ მას, თქვენს თავს დააბრალეთ

ტაბულა

პროპუტინური ძალების ერთერთი ორგანიზატორი ლევან ვასაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ისევ ემუქრება. ვიდეომიმართვისას ვასაძემ თქვა, რომ თუ შსს თბილისი პრაიდს დაიცავს, "საკუთარ თავს დააბრალოს". როგორც მან აღნიშნა, სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ თბილისი პრაიდი არ ჩატარდება. სანაცვლოდ, ვასაძემ თქვა, რომ "სახელმწიფოსთვის დიდი საჩუქარი" აქვს და მხარდამჭერებს მოუწოდა, კომბლები სხვენში შეაწყონ.

"ჩვენ ეს მოძრაობა შევქმენით იმიტომ, რომ დაგხმარებოდით წესრიგის დაცვაში, მაგრამ ღმერთი არ გაგიწყრეთ, მე სრულიად ვაცნობიერებ, რომ ამ ჩვენს ძმებს, ქართველ კაცებს ვეუბნები - "მოდით, წავიდეთ ამ ხიფათზე, ვენდოთ ჩვენს სახელმწიფოს, მივიდეთ იქ შიშველი ხელებით, იმისთვის, რომ ნებისმირი კორდონი დავშალოთ და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან და ხალხი შევაჩეროთ".

მაგრამ თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ მას, შეგვდგებით ჩვენ, ჩვენ არ გვეშინია, რა გახდა ეს ერთი ჩხუბი და ერთი დაპატიმრება. თუ თქვენ ამას ჩვენ გვიზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ, ვერც მე და ვერც ვერავინ ვეღარ გააკონტროლებს, ამ ქალაქში რა მოხდება, მე არ ვიცი, კანცელარიას მოადგება ხალხი, პარლამენტს თუ ბიძინას შუშის სახლს, მე მაგისგან ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგებლობას, ამიტომ, ეს არის თქვენი სულ ბოლო შანსი" - ამბობს ვასაძე.

სიძულვილის ჯგუფების ორგანიზატორს არ ესმის, რატომ "აუკრძალეს" სახალხო რაზმების შექმნა.

"დაკითხვებში გამოიკვეთა, რამდენჯერმე გვითხრეს იქ - "იმისთვის, რომ ეს სისულელე, რაღაც არაკანონიერი ფორმირება, რაღაცებს რომ გვაბრალებენ, რომ არ იყოსო, თქვენ შეეშვით ათისთავებს, ასისთავებს და თვითორგანიზებასო". მე არ მესმის, რათ გინდათ ეს, იმიტომ, რომ რაც უფრო ორგანიზებულები მოვალთ ჩვენ იქ, მით უფრო კარგად დავიცავთ წესრიგს, რათა ეს უბედურები არავინ არ გახლიჩოს შუაზე და უბრალოდ, გავათრიოთ აქედან, რათა სხვა ხალხი, რომელიც მოვა და ჩვენ იმაზე პასუხისმგებელი ნაღდად არ ვართ, არ გადაუარონ მათ, როგორც ბრბომ, რაც იყო სცენარი.

არ ვიცი, რატომ აგვიკრძალეთ ათისთავებად და ასისთავებად დაყოფა, არა, კი არ აგვიკრძალეთ, თქვენ ვინ გეკითხებათ, მაგრამ რეკომენდაცია მოგვეცით, კი ბატონო, მოვალთ იქ, იმდენი ხალხი გვყავს უკვე, რომ არც ვიცით, რა ვუყოთ, ერთი ღილაკის დაჭერით მოვალთ იქ რამდენიმე ათასი მოტივირებული მამაკაცი, წესრიგის დასაცავად და იქვე დავლაგდებით, ბევრი დრო არ გვინდა, დავიყოფით ჯგუფებად და ისე დაგირღვევთ იმ კორდონს, როგორც დაგიბარებიათ.

არ ვიცი, რას ეთამაშებით და რატომ არ აპატიმრებთ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ქვეყნის არევას ცდილობენ, გაძლევთ ბოლო შანსს ამ თვალსაზრისითაც, იმიტომ, რომ ხალხი უკვე ქუჩაში აპირებს გამოსვლას, ჩვენ ვერ შევაკავებთ, ჩვენ ვინ ვართ, მერე დაიწყება უკვე მასიური პროცესები, შეიძლება, ჩვენ თვითონ დავუძახოთ ხალხს, ოღონდ მარტო კაცებს აღარ, დავიძახებთ უკვე ქალებს, ბავშვებს, რომ დაგანახოთ, რამდენი ვართ, მთელი თბილისი გამოვა გარეთ, მშვიდობიან დემონსტრაციაზე" - თქვა ვასაძემ.

---

თბილისი პრაიდის ორგანიზატორთა ცნობით, მიუხედავად სირთულეებისა და მათ მიმართ გაჟღერებული სასიკვდილო მუქარებისა, ღირსების მარში მაინც ჩატარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ, უცნობი იყო, რას გადაწყვეტდნენ კვირეულის ორგანიზატორები. გიორგი თაბაგარი ამბობდა, რომ დაინახა სახელმწიფოს უსუსურობა და ამოსავალი წერტილი ადამიანების სიცოცხლეა. ამავე შეხვედრიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა კი აღნიშნა, რომ შსს-ში პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზეს.

თბილისი პრაიდი რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტქ+ თემის ნაწილმა და აქტივისტებმა 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანებენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს, 18 ივნისს ვასაძემ სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე კიდევ ერთივიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი დაჯგუფებები მზადყოფნაში არიან და თუკი პრაიდი "რამეს დააპირებს", გააკეთებს იმას, რაც ვერის ბაღში დაიგეგმა. 

18 ივნისს, ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას პრაიდში მონაწილე პირთა უსაფრთხოება. 

თბილისი პრაიდი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის, ღირსების მარშს.

კომენტარები