დიდი ბრიტანეთი

მეის შემცვლელის ასარჩევად კონსერვატიული პარტიის II კენჭისყრაში კვლავ ბორის ჯონსონი ლიდერობს

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში ტერეზა მეის შემცვლელის შესარჩევად გამართულ მეორე კენჭისყრაზე ლონდონის ყოფილმა მერმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ხმათა 40% მიიღო და კვლავ ლიდერობს.

მან 313 ხმიდან 126 მოიპოვა. მას ოთხი დარჩენილი კანდიდატი საგრძნობლად ჩამორჩება.

ჯონსონმა კვლავ გაიმეორა მისი დაპირება, რომ ბრიტანეთის ევროკავშირს 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებს. მისივე თქმით ამისათვის ერთადერთი გზა შეთანხმების გარეშე გასვლისათვის მომზადებაა.

"ჩვენ უნდა გავიდეთ 31 ოქტომბერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ პოლიტიკისადმი ნდობა კატასტროფულად დაეცემა. თუ ჩვენ ახლა ვიტყვით, რომ გვაქვს საბოლოო ვადა, რომელიც საბოლოო ვადა არ აღმოჩნდება და 31 ოქტომბერი ისე ჩაივლის, როგორც მარტმა და აპრილმა ჩაიარა, მოსახლეობა მეტი უნდობლობით შემოგვხედავს." თქვა მან.

კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტისათვის ბრძოლაში მეორე ადგილს ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი იკავებს 46 ხმით. მის გარდა კანდიდატებად რჩებიან გარემოს დაცვის მინისტრი მაიკლ გოუვი, საერთაშორისო განვითარების მინისტრი რორი სტიუარტი და შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი.

პირველი კენჭისყრის შედეგად პოსტისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ ანდრეა ლიდსომი და ესტერ მაკვეი, ისევე როგორც მარკ ჰარპერი, დღეს კი ბრექსითის ყოფილი მინისტრი დომინიკ რაბი და ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი. დღეს პოსტისათვის ბრძოლას კიდევ ერთი კანდიდატი გამოეთიშება.

დომინიკ რაბმა მხარდაჭერა ბორის ჯონსონს გამოუცხადა. მისი თქმით ჯონსონი ერთადერთი კანდიდატია, ვისაც 31 ოქტომბერს ბრექსითის პროცესის დასრულება შეუძლია.

რორი სტიუარტი კი მაიკლ გოუვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ჯონსონის წინააღმდეგ ძალები გააერთიანონ.

მეის შემცვლელის ვინაობა საბოლოოდ 22 ივლისს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები