თბილისი პრაიდი

აშშ-ის საელჩო ამერიკელებს Tbilisi Pride-ზე: მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს

0 კომენტარი
ფოტო: Tbilisi Pride

საქართველოში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს თბილისი პრაიდთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ. 

ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს

"ლგბტქი საზოგადოების წევრები და მხარდამჭერები 22 ივნისს პრაიდის კვირეულის ფარგლებში მსვლელობის ან/და საჯარო ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ. ველოდებით, რომ ღონისძიებაზე ბევრი ადამიანი იქნება. წელს საქართველოში პრაიდის კვირეულთან დაკავშირებული საჯარო ღონისძიებები პირველად ჩატარდება. წარსულში ამ საზოგადოების წევრებისა და მხარდამჭერების მიერ საჯარო თვითგამოხატვა კონტრდემონსტრანტების მწვავე და ხშირ შემთხვევაში, ძალადობრივ პასუხს იწვევდა, რასაც თან ახლდა როგორც ფიზიკური, ისე მატერიალური ზიანიც,"- წერია განცხადებაში. 

თბილისი პრაიდთან დაკავშირებით 18 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა საერთაშორისო ადამიანიც უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა ზომა, რათა დაიცვას პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება და ასევე, საჯაროდ დაუჭიროს მხარი ღირსების მარშის ჩატარებას. ორგანიზაცია ასევე წერს, რომ მათი სადამკვირვებლო ჯგუფი თვალს მიადევნებს იმას, თუ როგორ ჩატარდება თბილისი პრაიდი. 

---

თბილისი პრაიდის ორგანიზატორთა ცნობით, მიუხედავად სირთულეებისა და მათ მიმართ გაჟღერებული სასიკვდილო მუქარებისა, ღირსების მარში მაინც ჩატარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ, უცნობი იყო, რას გადაწყვეტდნენ კვირეულის ორგანიზატორები. გიორგი თაბაგარი ამბობდა, რომ დაინახა სახელმწიფოს უსუსურობა და ამოსავალი წერტილი ადამიანების სიცოცხლეა. ამავე შეხვედრიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა კი აღნიშნა, რომ შსს-ში პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზეს.

თბილისი პრაიდი რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტქ+ თემის ნაწილმა და აქტივისტებმა 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, კი 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს, 18 ივნისს ვასაძემ სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი დაჯგუფებები მზადყოფნაში არიან და თუკი პრაიდი "რამეს დააპირებს", გააკეთებს იმას, რაც ვერის ბაღში დაიგეგმა. 

თბილისი პრაიდი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის, ღირსების მარშს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები