მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა

გავრილოვი: ჩვენს ქვეყნებს შორის უსიამოვნების ინიციატორები დღეს საქართველოში არ არიან

Vestnik Kavkaza

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში ჩამოვიდა, არ პასუხობს კითხვას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

სამაგიეროდ, ის ამბობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის "უსიამოვნებების" ინიციატორები დღეს საქართველოში აღარ არიან. უცნობია, კონკრეტულად ვის გულისხმობს რუსეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი. 

"ჩვენი მიზანია, შევეცადოთ, ვიპოვოთ შესაძლებლობები დიალოგებისთვის. მთავარი საკითხები უკავშირდება ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თანამშრომლობას. კულტურასა და განათლებასთან დაკავშირებულ თემებს. ბოლო ერთ წელიწადში გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, ტურისტების რიცხვი, მაგრამ ჰუმანიტარულ თანამშრომლობაში ჩამოვრჩებით. ამ სახის თანამშრომლობის საფუძველი, როგორც პატრიარქმა ილიამ განაცხადა, მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლური ფასეულობებია. ეს დაგვეხმარება, შევქმნათ ახალი მოდელი ჩვენს ხალხსებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობებისთვის. რაც შეეხება ტერიტორიების საკითხს, მე ასამბლეის პრეზიდენტი ვარ და ამას ვერ განვიხილავ. იყო ჩვენს ხალხებს შორის ბევრი უსიამოვნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ პრობლემების გადალახვა შესაძლებელია. ამ უსიამოვნებების ინიციატორები დღეს საქართველოში არ იმყოფებიან,"- უთხრა გავრილოვმა "კურიერის" ჟურნალიტს. 

ჟურნალისტმა მას 2008 წლის ომსა და მრავალრიცხოვან დაცვაზე ჰკითხა, რომლითაც ის თბილისის ქუჩებში გადაადგილდება, რაზეც გავრილოვმა დაადასტურა, რომ დაცვა მას ქართულმა მხარემ გამოუყო. 

"2008 წლის ომი არის ისტორია, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. რაც შეეხება აფხაზეთის ომში ჩემს მონაწილეობას, წავიკითხე ეს ინფორმაცია, მაგრამ სიცრუეა. ცხოვრებაში არასდროს მიმიღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. მრავალრიცხოვანი დაცვა უზრუნველყოფილია ქართული მხარის მიერ, რადგან ვარ ასამბლეის პრეზიდენტი. თუ ჩამოვდივარ, კერძო პირის სტატუსით, დაცვით არასდროს ვსარგებლობ,"- თქვა გავრილოვმა. 

19 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა დაიწყო, რომელიც 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მას რუსეთის დუმის დეპუტატებიც დაესწრებიან. ოფიციალური პროგრამის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 

19 ივნისის ღონისძიებაზე პროგრამის მიხედვით კი სერგეი გავრილოვის მისასალმებელი სიტყვაა დაგეგმილი. 

სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის, ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, რუსი დეპუტატი ასევე სხვა ცხელ წერტილებშიც იმყოფებოდა - დნესტრისპირეთსა და კოსოვოში. ამასთან, გავრილოვი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, სხვადასხვა ეკლესიების მიერ, აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთერთ მედროშედ. 

"უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგოდ ლობირებაა. 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად, ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს. იგი ასევე მონაწილეობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. გავრილოვის საქართველოში შემოშვება იქნება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის სუვერენიტეტის უპატივცემულობა," - ამბობს კანდელაკი.

ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია. 

კომენტარები