მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა

კობახიძე რუსეთზე: ხოცავენ და იტაცებენ ადამიანებს, ამას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იმ ქვეყანამ დაარღვია, რომელიც მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის მატარებელია. 

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 26-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რომელიც თბილისში ტარდება და რომელსაც რუსი დეპუტატები ესწრებიან. 

"სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის მატარებელი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია. ეს გარემოება შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული ფასეულობების ფორმალური აღიარება საკმარისი არაა, რადგან ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ამ რწმენის შესაბამისი ქმედებებით უნდა გამოიხატოს. 

მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნეში ცდილობენ, ძალით წაგართვან საუკუნეების განმავლობაში გადარჩენილი მიწა-წყალი, მეტიც ოკუპირებულ მიწებზე კლავენ და იტაცებენ ადამიანებს, ბავშვებს ართმევენ მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებას, ინგრევა ეკლესიები და სახლები, მიზანმიმართულად იშლება ქართული კულტურის, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული კულტურის კვალი. დამეთანხმებით, ამას ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო. ძალადობით საქართველოს დაჩოქება არ მოხდება, რადგან ჩვენი პოლიტიკური კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია," - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

19 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიხსნა, რომელიც 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მას რუსეთის დუმის დეპუტატებიც დაესწრებიან. სხდომას ასევე ესწრებიან საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები. 

ოფიციალური პროგრამის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 

19 ივნისის ღონისძიებაზე პროგრამის მიხედვით კი სერგეი გავრილოვის მისასალმებელი სიტყვაა დაგეგმილი. 

სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის, ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, რუსი დეპუტატი ასევე სხვა ცხელ წერტილებშიც იმყოფებოდა - დნესტრისპირეთსა და კოსოვოში. ამასთან, გავრილოვი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, სხვადასხვა ეკლესიების მიერ, აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთერთ მედროშედ. 

"უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგოდ ლობირებაა. 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად, ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს. იგი ასევე მონაწილეობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. გავრილოვის საქართველოში შემოშვება იქნება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის სუვერენიტეტის უპატივცემულობა," - ამბობს კანდელაკი.

ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია. 

კომენტარები