მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა

გავრილოვი: საქართველოში ყოფნით დისკომფორტი არ მაქვს, ჩემი სამშობლოა

0 კომენტარი
ფოტო: Vestnik Kavkaza

რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდა, ამბობს, რომ არ გრძნობს უხერხულობას იმ ქვეყანაში ყოფნით, რომლის 20%-იც მისი სახელმწიფოს მიერაა ოკუპირებული. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა გავრილოვს ჰკითხა, გრძნობს, თუ არა დისკომფორტს საქართველოში ყოფნით, რაზეც მან უპასუხა: 

"არა, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა, დისკომფორტი არ მაქვს". 

19 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა დაიწყო, რომელიც 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მას რუსეთის დუმის დეპუტატებიც დაესწრებიან. ოფიციალური პროგრამის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 

19 ივნისის ღონისძიებაზე პროგრამის მიხედვით კი სერგეი გავრილოვის მისასალმებელი სიტყვაა დაგეგმილი. 

სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის, ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, რუსი დეპუტატი ასევე სხვა ცხელ წერტილებშიც იმყოფებოდა - დნესტრისპირეთსა და კოსოვოში. ამასთან, გავრილოვი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, სხვადასხვა ეკლესიების მიერ, აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთერთ მედროშედ. 

"უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგოდ ლობირებაა. 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად, ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს. იგი ასევე მონაწილეობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. გავრილოვის საქართველოში შემოშვება იქნება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის სუვერენიტეტის უპატივცემულობა," - ამბობს კანდელაკი.

ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები