თბილისი პრაიდი

Tbilisi Pride: კვირეული დაიწყო, პირველმა ღონისძიებამ ექსცესების გარეშე ჩაიარა

Facebook/ Tbilisi Pride

თბილისი პრაიდის ოფიციალურად კვირეული დაიწყო. ორგანიზატორების თქმით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ღონისძიება, სპექტაკლი "კავკასიური მეტამორფოზა", რომელიც ლგბტქ+ ადამიანების პრობლემებს ეხება, წარმატებითა და ექსცესების გარეშე დასრულდა. 

ამის შესახებ ორგანიზაცია საკუთარ Facebook გვერდზე წერს და აუდიტორიას სიმამაცისთვის მადლობას უხდის. 

"არსებული რისკების მიუხედავად, ღონისძიებას 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მადლობა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, მამაცო ადამიანებო! ერთად ჩვენ შევცვლით!" - წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

თბილისში "ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმება, რომელიც თბილისი პრაიდის ორგანიზებულია. მარში ლგბტ კვირეულის ფარგლებში გაიმართება, რომელიც, თავის მხრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ღონისძიებებს მოიცავს. 

მის ჩატარებას ძალადობრივი ჯგუფები ეწინააღმდეგებიან. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

ასევე, ლევან ვასაძემ, რომელიც რუს იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან დაახლოებული პირია, 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერები, ძალადობის ჯგუფები შეკრიბა, შეკრებას "ნამდვილი კაცების აქცია" უწოდა და ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთა.

კომენტარები