თბილისი პრაიდი

გიორგი თაბაგარს სიცოცხლის მოსპობით კვლავ ემუქრებიან

www.facebook.com/Georgi.Tabagari

თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი კვლავ იღებს მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომელშიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. 

SMS-შეტყობინებაში არაიდენტიფიცირებული პირი თაბაგარს ეუბნება, რომ იცის, სად ცხოვრობს, რომელ ტრანსპორტს იყენებს და რომ სწორედ ამ ტრანსპორტზე გამოჭრის ყელს ან მანქანით დაეჯახება. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ჯერ კიდევ დილით გავრცელდა. მსგავსი შეტყობინება სხვადასხვა ნომრიდან, ყველა ლათინური შრიფტითა და Caps Lock-ით დაწერილი თითქმის ყველა ორგანიზატორმა მიიღო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო, თუმცა თაბაგარი მუქარის შეტყობინებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკავშირებს

თბილისში "ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმება, რომელიც თბილისი პრაიდის ორგანიზებულია. მარში ლგბტ კვირეულის ფარგლებში გაიმართება, რომელიც, თავის მხრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ღონისძიებებს მოიცავს. 

მის ჩატარებას ძალადობრივი ჯგუფები ეწინააღმდეგებიან. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, კი 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს, 18 ივნისს ვასაძემ სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი დაჯგუფებები მზადყოფნაში არიან და თუკი პრაიდი "რამეს დააპირებს", გააკეთებს იმას, რაც ვერის ბაღში დაიგეგმა. 

თბილისი პრაიდი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის, ღირსების მარშს.

კომენტარები