თბილისი პრაიდი

BASSIANI: არ დადგეთ ძალადობის მხარეს

Facebook/ Bassiani

კლუბი BASSIANI - Tbilisi Pride-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"2013 წლის 17 მაისს, ყველამ ვიხილეთ როგორ გაუსწორდა ათიათასობით ადამიანი მშვიდობიან მანიფესტანტებს, რომლებიც ჰომოფობიასა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ქუჩაში აღნიშნავდნენ. ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 6 წლის თავზე ქვიარ ადამიანები დღემდე ვერ სარგებლობენ კონსტიტუციით მინიჭებული შეკრების და მანიფესტაციის უფლებით.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისში სიძულვილის ჯგუფების მხრიდან არაერთი აგრესიული დამოკიდებულების მომსწრენი გავხდით, რომლებიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან მოქალაქეებს. გამოხატული ძალადობა კიდევ ერთხელ აჩვენებს ჰომოფობიის პოლიტიკურ ხასიათს, სისტემურობასა და სიმძიმეს. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების მიუხედავად მუქარის ფაქტებზე სათანადო და დროული სამართლებრივი რეაგირების საკითხი ისევ გამოწვევად რჩება.

არაერთხელ გვითქვამს, რომ საზოგადოებაში არსებული მანკიერებებისა და სოციალური უთანასწორობის დასაძლევად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ხოლო ამ ბრძოლაში ქვიარ ადამიანების პრობლემები და საჭიროებები არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი, მათი საკითხი კი პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული.

ვდგავართ რა რადიკალიზაციის საფრთხის წინაშე, BASSIANI / HOROOM მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ პირს, დაუყონებლივ აღკვეთონ მოსალოდნელი ძალადობა და უზრუნველყონ ქვიარ ადამიანების უსაფრთხოება, მათ შორის საჯარო მსვლელობის სრული უსაფრთხოება. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა შეეძლოს მისთვის მინიჭებული საყოველთაო უფლებებით სარგებლობა.

მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა - იქნება ეს პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საზოგადოების პოლარიზება, დაშლა და დაქუცმაცება, რადგან საერთო სიკეთისა და კეთილდღეობის მისაღწევად ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო საზოგადოების გაერთიანება.

არ დადგეთ ძალადობის მხარეს,"- წერია განცხადებაში. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, კი 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს, 18 ივნისს ვასაძემ სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი დაჯგუფებები მზადყოფნაში არიან და თუკი პრაიდი "რამეს დააპირებს", გააკეთებს იმას, რაც ვერის ბაღში დაიგეგმა. 

თბილისი პრაიდი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის, ღირსების მარშს.

კომენტარები