საქართველოს პარლამენტი

ჩუგოშვილი: რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა

რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა.- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარჯელში ყოფნას. 

"ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა",- წერს ჩუგოშვილი facebook- ზე. 

მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია რამდენიმე წუთის წინ გაიხსნება. 

სხდომას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი წაიყვანს, რომელიც პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში ზის. 

ცნობისთვის, 19 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა იმართება, რომელსაც სხვებთან ერთად, რუსი დეპუტატებიც ესწრებიან. 

ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატი სერგეი გავრილოვი 19 ივნისს სხდომაზე სიტყვითაც გამოვიდა, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია - იგორ დოლგოვმა პროტესტის ნიშნად ფორუმი დროებით დატოვა და თქვა, რომ არ სურდა რუსეთის ფედერაციის, კერძოდ კი, გავრილოვის მოსმენა. 

რუს დეპუტატებს ავლაბრის სასახლესთან მოქალაქეთა აქციაც დახვდათ. მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" დეპუტატებს სტვენებითა და პუტინ ხუ*ლოს ძახილით შეძახილებით დახვდნენ. 

კითხვაზე, აქვს თუ არა დისკომფორტი იმ ქვეყანაში ყოფნით, რომლის 20% მისი სახელმწიფოს მიერაა ოკუპირებული, გავრილოვი პასუხობს, რომ არანაირი დისკომფორტი არ აქვს და საქართველო მისი სამშობლოა. 

სახელმწიფომ რუს დეპუტატს სპეციალური დაცვაც კი გამოუყო. 

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის, ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, რუსი დეპუტატი ასევე სხვა ცხელ წერტილებშიც იმყოფებოდა - დნესტრისპირეთსა და კოსოვოში. ამასთან, გავრილოვი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, სხვადასხვა ეკლესიების მიერ, აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთერთ მედროშედ. 

"უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგოდ ლობირებაა. 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად, ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს. იგი ასევე მონაწილეობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. გავრილოვის საქართველოში შემოშვება იქნება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის სუვერენიტეტის უპატივცემულობა," - ამბობს კანდელაკი.

ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია. 

კომენტარები