ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: აუცილებლად უნდა დადგეს ასამბლეის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

ღარიბაშვილი facebook-ზე წერს, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე კატეგორიულად მიუღებელია. 

"ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი... რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას",- წერს ღარიბაშვილი.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა პარლამენტში აღარ გაგრძელდება. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ სიტყვიერი დაპირისპირებები უძღოდა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ მოულნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და "ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება". 

ასამბლეა გაგრძელდება, მაგრამ არა პარლამენტში. 

გუშინ 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.

გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

კომენტარები